ერთი, ორი, სამი… – ხმადაბლა უთვლიდნენ ყოველ ნაბიჯს მიმდინარე სცენით დაინტერესებული გურამი და მისი ნაცნობი, – ორმოცდაათი, ორმოცდათერთმეტი, ორმოცდათორმეტი…
ქალმა ამჯერად ასი ნაბიჯი გაიარა, ტვირთი ხვნეშით დადგა და მესამეს მოუბრენდა. ისიც მეორე კანისტრამდე მიიტანა. მერე პირველისკენ წავიდა და როცა სამივე ერთად დაალაგა, გაოფლილი ჩამოჯდა, სული მოითქვა. თავისთვის რაღაცას ჩაირჩულა, თითქოს ილოცა. მერე გაირინდა და იყო ასე გაუნძრევლად რამოდენიმე წუთი. ბოლოს წამოდგა, კვლავ პირველ კანისტრას ჩაებღაუჭა და წაიღო.
ეს “რიტუალი” სამი-ოთხჯერ გაიმეორა. რაც დრო გადიოდა, მისი შესვენება უფრო ხანგრძლივი ხდებოდა. ბოლოს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იმდენად დაიღალა, რომ კანკალებდა და კრიახებდა, მაგრამ ფარხმალს მაინც არ ყრიდა. იღებდა, მიჰქონდა, დებდა, ბრუნდებოდა, იღებდა მიჰქონდა, დებდა, ბრუნდებოდა, იღებდა მიჰქონდა, დებდა და ისვენებდა, ალბათ კვლავ ლოცულობდა. ყვავილებიან გახუნებულ კაბაზე წამოცმული წითელი მოსასხამის ზურგი და იღლია ოფლისგან გაუმუქდა.
შვიდას ორმოცდასამი, შვიდას ორმოცდაოთხი, შვიდას ორმოცდახუთი… – განაგრძობდნენ გურამი და მისი ახლობელი თვლას და აღფრთოვანებული იყვნენ ქალის ნებისყოფითა და გამძლეობით.
ცალხელა ქალბატონმა დაახლოებით ნახევარ საათში მარჯვნივ გადაუხვია და მისი სვლა მაყვლის ბუჩქნარმა და ნახევრად გაუკაცრიელებული სოფლის სევდიანმა პეიზაჟმა შთანთქა.
მანქანაში მსხდომნი კი მონუსხულებივით უყურებდნენ მტვრიან გზას და რატომღაც ბედნიერები, ამაყები და ენერგიით აღვსილნი იყვნენ.
- ხომ შეეძლო, ერთი წაეღო და დანარჩემი დაემალა ან დაეტოვებინა? ეს არ ქნა! რატომ? – აღფთოვანებული კითხულობდა მეგობარი, – ამის პასუხი არ ვიცით, მაგრამ ეს ამბავი თავისთავად მაგარი იყო! ასეთი რამეების მომსწრე შემთხვევით არ ხდებიან! ასეთი რამეები ჭკუას გასწავლიან! ჩემი აზრით იცი, ეს სცენა რას გეუბნება?
- ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა? – უპასუხა გურამმა.
- ეგეცაა და კიდევ ისაა, რომ თუკი სამი არჩევანიდან ვერც ერთს ვერ ირჩევ, მაშინ სამივე უნდა ამოირჩიო!
- სამივე?
- აბა, სამივე! – დაასკვნა, მეგობარმა. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ კი გულდაწყვეტილმა დაამატა, – თუმცა შეგვეძლო ეს ქალი თავისი კანისტრებიანად ადგილამდე მიგვეყვანა!
- ჰოო ეგ მართალია! – დაუდასტურა გურამმა. შერცხვა, თავი უზრდელად და ჩამოყალიბებულ რეგვენად იგრძნო, – მადლი იქნებოდა!
- კი, ნამდვილად მადლი იქნებოდა, მაგრამ მაგ შემთხვევაში ასეთ აზრამდე ვერ მივიდოდით! – დაასკვნა მეგობარმა, – მაქვს კარგი იდეა! შეგვიძლია, პირველივე ეკლესიაში, რომელიც შეგვხვდება, მის სახელზე სანთელი დავანთოთ და ღმერთს ვთხოვოთ შენდობა, ამ ქალისათვის კი კარგადყოფნა და გაძლება!..
- თუკი სამი გზიდან ვერცერთი ავირჩიე, არ უნდა დავიბნე და არ უნდა ვიყოყმანო, და სამივე გზა უნდა მოვსინჯო! – გადაწყვიტა გურამმა და სამი მიართულებით წავიდა.
ჯერ ფსიქოლოგთან გაიარა კონსულტაციები და მერე ასტროლოგიაშიც გადაყარა საგრძნობი “მომღერალი” თანხა, მაგრამ სასურველი ვერც რჩევა, ვერც ნუგეში და ვერც შედეგი ვერ მიიღო.
ბოლო, ფსიქოლიგისა და ასტროლოგის რჩევით ქალაქგარეთ, უძველესი ნატაძრალის, ახლა კი სალოცავად ამოქმედებული ეკლესიის მოსალოცად წავიდა, იქ მოღვაწე ბერს უნდა შეხვედროდა. უკვე ღამე იყო, როცა მონასტრის გალავანს მიადგა. შესასვლელ ჭიშკართან ხის მორზე ჩამომჯდარი, ხანშიშესული კაცი დახვდა, რომელიც გურამის დაინახვისთანავე წამოდგა, სიხარულით შესძახა “როგორც იქნა ჩამოხვედი!”, ორივე ხელი გაშალა და მანქანიდან გადმოსულისკენ გაემართა. გურამი ძალაუნებურად მუხლებზე დაეცა და ორივე ხელზე ეამბორა.
ბერმა წამოაყენა სტუმარი, თვითონაც ემთხვია ხელზე.
გურამს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ის, გასამდა. ერთი გურამი მანქანში იჯდა, მეორე გალავნის შიგნით და ჭიშკრის გისოსებიდან უთვალთვალებდა მოსაუბრე ბერის წინ გახევებულად მდგარ მესამე გურამს. მოხუცს დაღვინებული ბიჭის ხმა ჰქონდა.
ბერიკაცი თითქოს, თავის სიტყვებზე იცინოდა და გურამსაც აიძულებდა გაღიმებას. მერე ერთად იხვნეშეს რაღაცაზე და ერთად იდარდეს. მერე ისევ იცინეს. მერე მოხუცი დაემშვიდობა და გურამები მარტო დარჩნენ.
უეცრად ისინი უხილავმა ძალამ უზარმაზარ ხელისგულებს შორის მოაქცია. ირგვლივ იყო სითბო, სიმყუდროვე და რაც მთავარია სიჩუმე…
როცა გამოეღვიძა, მანქანა სადღაც ტყეში იდგა. როგორ მოხვდა აქ, ვერაფრით გაიხსენა. როცა მიმოიხედა და საბოლოოდ მოვიდა აზრზე, აღმოაჩინა, რომ მანქანას საბურავები დაშვებული ჰქონდა. ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო და არც მობილური იჭერდა.
ესეც არჩეული უყოყმანოდ ჩემი სამი გზა! – კბილებში გამოცრა და შეიგინა… ჯიბეში ხურდა ფულმა გაიჩხაკუნა და დაიწყო “ურმული”:
“არალუ არალალო და /შენ ჩემო შავო კამეჩო და
რა დავაშავე შენს წინაშეო/ გაძოვე ზაფხულს ბალახი”…
გურამმა მანქანაის ძრავა ჩართო.
“ზამთრივ დაგაბი ბზეზე და ო/არალუ არალალო და
აღზევანს წავალთ ნიკორავ და/როგორ არ გაგიხარდებაო
ლოკე და ლოკე მარილი/არავინ გაგიჯავრდებაო.”
- „რაკი ეს ჩემი ფულია! რაკი ეს ფული ასე იქცევა! რაც ჩემია მე ვარ! და რაკი ეს ასე იქცევა, ესე იგი ასე უნდა ვიქცეოდე მე! იმიტომ რომ ჩემი ფული მე ვარ! მე ვარ ფული! ფული ვარ მე!“ – ჩურჩულებდა ის და ნელნელა მისი ხმა ჯერ ყვირილზე გადავიდა, მერ ღნავილზე, მერე ბღავილზე ის და ასე ცდილობდა გადაეფარა “გურ-კონცერტის” ხმა.
გურამმა გაზს მიაჭირა და ასფალტზე დატრიალებულმა საბურავების დისკებმა ნაპერწკლები გაყარეს. მანქანა ზლაზვნით, მაგრამ მაინც დაიძრა. ან ზევით უნდა წასულიყო ან ქვევით. გურამმა დაღმართი არჩია…
…თავის ნებაზე მიშვებული რეინჯ როვერ PHEL-ი მთელი სისწრაფით მიქროდა, მერე უცებ რაღაც ტრამპლინის მაგვარზე ავარდა, გურამს მოეჩვენა თითქოს დედამიწის მიზიდულობამ ძალა დაკარგა, თავად კი ამჩატდა და ჰაერში დაეკიდა… თითქოს კოსმიურ უწონადობაში მოხვდა. ის ჯერ კეფით, მერე კისრით, ბოლოს კი მთელი სხეულით მანქანის სალონის სახურავს მიეკრო და გაირინდა. უკანა სავარძელზე ლუის ვიტონის სპორტული ჩანთაში ჩაყრილი ფული აგუგუნდა:
“ეს საწყალი კურდღელი / ძლიერ ავად გაგვიხდა;
არც სტაფილო ეამა,/ ჩამოდნა და გაგვიხდა.”
-”მოვიწვიეთ ექიმად/არჩილი და ხათუნა:
ოფლი მოადინეთო, /- დაარიგეს დათუნა.” – აჰყვა გურამი და წყალივით დაიღვარა…