“ამურულ” – სატრფიალო თავგადასავლებში არა ერთ გზით გამარჯვებული და გამობრძმედილი, მდიდარი, გავლენიანი “სექს – ბომბა” ქალისა და “ეროტიკული პაექრობის ტატამზე” შემთხვევით მოხვედრილი, გამოუცდელი, ყვინჩილა მამაკაცის – გურამის ურთიერთობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო – ჩამრგვალებული მამრობითი სქესის სამი ტყუპი წარმოამდგენელი მოავლინა სამყაროს. სამი გურამი – გურანდა. მშობლთა ნაცნობი შტრიხები ლამის თანაბრად გადანაწილებულიყო მათ ნაშიერთა ნაკვთებში…

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ქვეყანა და ქალაქი სამჯერ მაინც გადაბრუნდა. ზოგჯერ სასიკეთოდ, ზოგჯერ კი საუბედუროდ გადაფასდა, გადმოფასდა, მიფასდა, მოფასდა ყველაფერი რასაც ირგვლივ რაიმე ისტორიული, სულიერი, იდეური ან მატერიალური მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად ბევრი რამე შეიცვალა ცოლ-ქმრის, უმცროს – უფროსის ურთიერთობაშიც და ფასეულობებშიც, თუმცა ოჯახური კავშირი გურანდა + გურამი ურღვევი და კარგად შედუღაბებული დარჩა. თუმცა…

თუმცა, ამჟამინდელი ურთიერთობა პირველსა და მეორე ნახევრებს შორის იყო, ასე ვთქვათ, ძალიან თავისებური.

“თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ა დ” მყარი და “თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ა დ” ურღვევი.

ქალბატონი გურანდა უკვე ოცი წელია ირლანდიაში, დუბლინში ცხოვრობდა. ვიქტორიანულ ეპოქაში აშენებულ კარგად მოწყობილ სასახლეში, ფენიქსის პარკი გვერდით, რომელიც მდინარე ლიფის ჩრდილოეთით, დუბლინის ცენტრიდან სამიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარობს და მოცულობით ყველაზე დიდი შემოსაზღვრული პარკია ევროპაში.

 შვილებთან ერთად, ირლანდიის ამ ულამაზეს და ეკლექტურ დედაქალაქში საკმაოდ წარმატებულ საოჯახო ბიზნესს აწარმოებდა. ისე, რომ იცოდეთ წელს დუბლინი მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით მსოფლიოს მეოთხე უმდიდრეს ქალაქად დასახელდა, ხოლო პირადი შემოსავლის მიხედვით მეათე ადგილი დაიკავა, რაშიც გურანდას მარიფათმა და ბიზნეს-გუმანმა, თავისი შთამბეჭდავი წვლილი შეიტანა, შეჰქონდა და მომავალშიც შეიტანდა.

გურამი კი აქ ჩვენს ქალაქში ნახევრად ცოლიანი, ან ნახევრად უცოლო კაცის პოზიციიდან ჭრიდა და კერავდა ბოჰემურად შეკაზმულ ცხოვრებას.

მეუღლეები ურთიერთობდნენ “ისეც” და “ასეც”.

“ასე”, კვირაშ ორჯერ, ხოლო “ისე” წელიწადში სამჯერ:

ახალ წლებზე, სააღდგომოდ და ზაფხულში, ბალეარის არქიპელაგის მარგალიტზე – იბიცაზე, ან კანარის კუნძულების ბრილიანტზე – ტენერიფეზე, რამოდენიმე დათაფლული კვირით იძირებოდნენ, ევროპულ კომფორტში, ჯინშისფერი ზღვისა და  მზის ოქროსფერი სხივებში გახვეულნი (სურათები ამ დასვენებების შესახებ უხვადაა განთავსებული მათ ფეისბუქ გვერდზე და ინსტაგრამში. მათი ერთობლივი საოჯახო ნიკია “GUR-GUR” (ისე საოჯახო ფირმასაც ასე ჰქვია), აკრიფეთ და თავად იხილეთ თუ რაოდენ ბედნიერეს წყვილი, ოჯახური ცხოვრების ამხელა სტაჟისა და ასეთი ცხოვრების წესის მიუხედავად))...

ტირილი გურამმა მკვეთრად შეწყვიტა, დაიღრიალა და სანამ წელში გაიმართებოდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

  • დასის ვას, ვასის დას! მე, თქვენ გასწავლით ჭკუას! – ხალისით წარმოთქვა, ხელისგულების ტყლაშუნით ბოქსიორივით შეიხურა სახე, მოხიკა ამღერებული ფული და…სწრაფი ენერგიული ნაბიჯით უახლოეს ბანკომატისკენ გაემართა. ცენტრალური ტრასისა და აგარაკების ქუჩის გადაკვეთაზე, სადღეღამისო მაღაზიის “მარსელიოზა”-ს შესასვლეთან მისი მხსნელ-მშველელი აპარატი იდგა. სასწრაფოდ აკრიფა პირადი ნომერი, კიდევ რამოდენიმე საჭირო ღილაკს დააჭირა თითი და ხალისით შეუდგა ფულის შეტანას.

“ძველი თბილისი ისევ მიგონებს, /ნისლივით ჩნდება დარდი, –

ერთ დროს პირველი მეფაიტონე /ქუჩაში ფეხით დადის…

ძნელი ყოფილა თურმე სიბერე, /გულო, გაუძელ ტკივილს” –  მღეროდნენ გაცრეცილი ბანკნოტები და ხურდა ფული. რაც უფრო მეტი კუპიურა თუ მონეტა აკლდებოდა გურამს, მით უფრო სევდიანი და მონოტონური ხდებოდა “უკანასკნელი მეფაიტონეს” შესრულება.

“წვიმა მოსულა, არვის ეგონოს, /გაყიდულ არღანს ვტირი.

ფანჯარაში მტრედია, ნეტა ვისი ბედია…

ფანჯარაში მტრედია, ნეტა ვისი ბედია!”- ეს იყო მათხოვრის მიერ ხურდაში მოცემული თანხის უკანასკნელი სიტყვები.

იმის შემდეგ რაც ყვითელმა საბანკო აპარატმა შეისრუტა ლითონის უკანასკნელი მონეტა, რამოდენიმე წამი კიდევ იგრუხუნა, შეზანზარდა და საბოლოოდ ფულის მიღების დამდასტურებელი ქვითარი გადმოაგდო.

აქ დამთავრდა თქვენი “პესნია”! – ახარხარდა გურამი, – დიმპი ტაური – დამპი ტაური! დიმპი ტაური – დამპი ტაური!

გაშალა ხელები და “მთიულურის” ცეკვით შემოუარა იქვე ჩაბეტონებულ სანაგვე ყუთს. მთელი არსებით ისუნთქავდა ღამის გრილ და “თავისუფლებით” გაჯერებულ ჰაერს. ისეთ კარგ ხასიათზე დადგა, რომ ცოლსაც კი გადაურეკა, თუმცა დუბლინი დუმდა და არ პასუხობდა მის ხალისიან და გამარჯვების ენერგიით გაჟღენთილ წადილს – საუბრისთვის მოწოდებულ ზარს.

არა უშავს. – გაიფიქმა მან და გადაწყვიტა – ხმოვან ფოსტას გაუგზავნიდა და სიტყვების მაგიერ უმღეროდა. გულში ჩამწვდომი გრძნობებითა და აზრით:

“ისევ შენ და ისევ შენ,/ჩემო ტურფავ, ლამაზო,

ყველა შენ გენაცვალოს, /მოციმციმე ალმასო

ყველა შენ გენაცვალოს, /მოციმციმე ალმასო

მიყვარდი და მიყვარხარ,/სულ მუდამ მეყვარები;

მსურდა შენის ხელებით/დამხუჭოდა თვალები!”

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11