ავტობუსისა და სამარშრუტოების მგზავრები, ტაქსისტები, გამვლელები, ზოგი გაკვირვებული, ზოგიც გაღიზიანებული და ზოგი კი “ვაი შენს პატრონს უბედურის” გამოხედვით აცილებდნენ ამ ახირებულ ტიპს და ზოგჯერ თვითონაც კი იწყებდნენ ღიღინს, ნაწილი გულში, უხმოდ. ნაწილი კი ხმამაღლა და ურცხვად.
“მადლი ქენი,სხვას მიეცი
თუ ჯიბეში ფული ჭყავის…
წუთისოფლის სტუმარი ხარ,
შენზე დიდხანს ცოცხლობს ყვავი…” – გაისმოდა მანქანის სალონში, ფართედ აღებდა პირს მისი გაწამებული მძღოლი და ცრემლები, დაძაბულობისგან, თუ მანქანაში შემოჭრილი ნიავისან ღაპაღუპით მოსდიოდა.
ამ აკომპონიმეტის თანხლებით “შეაგელვა” გურამმა აგარაკის ავტოფარეხში.
გადაატრიალა მთელი მანქანა, იმ ზომამდე მივიდა, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გადაწყვიტა სავარძლებიც კი დაერღვია-დაეშალა და იქ მოეძებნა გადამცემი, რომელიც არ წყვეტდა ამ გაუთავებელ კონცერტს.
ის იყო აღმართა სანადირო დანა, რომ თვალთახედვის არეში ტუჩის გარმონი და მის ქვეშ ცელოფანის პარკში გახვეული ხურდა ფული მოხვდა.
“მე, ქართველი ბუხაიძე,/ბალყარეთის მთებში ვწევარ…
რომ შემეძლოს საფლავიდან,/ძმებო, მხრების წამოწევა,
მე სიცოცხლეს ხელმეორედ/შევწირავდი მშობელ მხარეს,
შევწირავდი იმავ მიწას,/დღეს რომ გულზე დამაყარეს. – მღეროდნენ ვიღაცეები ჩონგურების თუ ფანდურების თანხლებით. გურამი დაიხარა და… საკუთარ შეგრძნებებს არ დაუჯერა. ხელში აიღო ტუჩების გარმონი და მიაყურადა. გარმონი დუმდა, თუმცა სიმღერა მაინც ისმოდა.
მე საფლავში არა ვწევარ, /აქ დარაჯად დამაყენეს.
და ვუბარებ ყოველ ქართველს!/მისი წმინდა ვალი არი,
მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას/ დერბენტი და დარიალი. – დაარულეს შემსრულებლებმა და ავტოფარეხში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. გურამმა ტუჩების გარმონი გულის ჯიბეში ჩაიდო და ამჯერად ფულით სავსე ცელოფანი ასწია და ყურადღებით დააკვირდა იქ ჩაყრილ ხურდებს და ქაღალდის გაცრეცილ ბანკნოტებს. დანახულმა და აღმოჩენილმა შეძრა. მის გულს ბაგაბუგი გაუდიოდა.
“კარგი იყო არ გამეცან თავიდან / შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან
ჩემი გული შენ დაკოდე დახიე/ ხელებს ითბობ ცეცხლის ალში გამხვიე” – დასჭექა საჭურისის, თუ ათიოდე წლის ბიჭის გამყინავმა ხმამ. გურამს მოულოდნელობისგან პარკი ხელიდან გაუვარდა. შეკვრა ცემენტის იატაკზე დაეცა, გასკდა და ხურდები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა. რკინის მონეტების ჟღარუნმა მხოლოდ რამოდენიმე წამით შეწყვიტეს თბილისელი აშუღის ყველასათვის ცნობილი ბალადა, მაგრამ როგორც კი სიჩუმემ დაისადგურა და გურამმა გაიფიქრა როგორც იქნა ეს კოშმარი მორჩაო, ერთიანად დაჭექა ვერდის „ნაბუქუდონოსორი“ “მონა – იუდეველების გუნდის” არიამ “გაფრინდი აზრო” ანუ “Va, pensiero”:
Va, pensiero, sull’ali dorate;/va, ti posa sui clivi, sui colli
(ოქროს ფრთებით გაფრინდით ფიქრებო, და შეისვენეთ მთებსა და გორაკებზე)
ove olezzano tepide e molli/l’aure dolci del suolo natal!
(იქ სადაც ჰაერი გაჟღენთილია სითბოთი და სინაზით, და მშობლიური მიწის სურნელით)
Del Giordano le rive saluta,/di Sionne le torri atterrate.
(მიესალმეთ იორდანეს ნაპირებს და სიონის დანგრეულ კოშკებს)
Oh, mia patria sì bella e perduta!/Oh, membranza sì cara e fatal!
(ოჰ, მშვენიერო დაკარგულო სამშობლოვ და სიტკბო – გამწარებულო მოგონებებო)
საოცარი შესრულება იყო. ტკივილით, დარდით, უსამართლობოთა და მონობის სიმძიმით აღსავსე, თუმცა მიუხედავად ამისა იგრძნობოდა უდრეკი სული, მომავალი ბრძოლების წყურვილი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გურამს შესრულება იმდენად მოეწონა, რომ გული აუჩუყდა, სუნთქვა შეეკრა, ფეხები მოეკვეთა, იატაკზე დაეშვა, ძალადაკარგული მანქანას მიეყდნო. მასაც მოუნდა ამ არიის თანამონაწილე გამხდარიყო. ეს სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ გულისჯიბიდან ავტომატურად ამოიღო ტუჩების გარმონი და ჩაბერა.
არია მკვეთრად შეწყდა. სიჩუმეს მონატრებულმა, ნეტარად მილულა თვალები, მაგრამ ათი წამიც კი არ იყო გასული, რომ ყველაფერი ჩვეულ თუ არაჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა.
“ხიდისთავს შევკრათ პირობა, /ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, /თავს დავანგრიოთ ბანია.” – ომახიანად დასჭექა იატაკზე ხურდებად გაფანტულმა ასიათასმა უხილავმა ქართველმა, საცოდავმა გურამმა ამოიოხრა და გონება დაჰკარგა.
ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. იქიდან, ირლანდიიდან რეკავდნენ. გურამს არ უნდოდა ლაპარაკი, ან რა უნდა ეთქვა?
- როგორა ხარ გურანდა? ბიჭები რას შვრებიან? მეე? როგორ უნდა ვიყო, როგორც ყოველთვის მშვენივრად! მხოლოდ…
- რა, მხოლოდ? – ჰკითხავდა წუთის წინ კრემიანი ტორტივით ტკბილი გურანდა და ისევ – რა, მხოლოდ? – ეს მეორედ წარმოთქმული ფრაზა ამჯერად საარტილერიო ზალპივით გავარდებოდა, გამაყრუებლად, მჭახედ და ზანზარით, – ამოღერღე! – დაამატებდა ბრძანების კილოთი.
- ა-რა-ფე-რი ი-სე-თი. – დამარცვლავდა გურამი და უსამართლოდ დასჯილი პატარა ბავშვივით მოადგებოდა ცრემლები.
- ა რ ა ფ ე რ ი ი ს ე თ ი? – გაწელავდა გურანდა და გაიცინებდა. გურამს კლავდა ამ ქალის ასეთი გაცინება. გილიოტინასავით შიშიმომგვრელი და ბასრი, – ჰეე, თქვი ბოლოს და ბოლოს!
- ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ იცი რაშია საქმე? ფული მღერის!
- რა ფული?
- ჩემი ფული?
- შენი ფული?
- ჩვენი ფული!
- ჩვენი…
- შენი…