-”გურ-კონცერტი” მოდის! – იმ დღიდან თანადებობა და სამსახურ დაკარგულ გურამს ქალაქში ასე დასცინოდნენ.
გასათხოვრები, განათხოვრები და გათხოვლილები კია არა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც კი ერიდებოდნენ “გურ-კონცერტთან” ურთიერთობას.
ერთი წარმოიდგინეთ თქვენი თავი ინტიმურ გარემოში, – შფოთავდა, ერთ დროს გურამის ფავორიტი “ჰეტერა”, – სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, როცა ყველაზე საინტერესო მომენტი დგება და უეცრად დაჰკრავენ დაფდაფები და მრავალრიცხოვანი გუნდი დასჭექს:
– “ჰერიო ბიჭებო ჰერიო/ თქვენ ააყვავეთ ერიო…”, ან “დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! /როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,/ ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია/ და შორეული ცის სილაჟვარდე.” რომელი ქალი გიჩერდება?!
– თან როგორია იმის ცოდნა, რომ ბანკნოტები მღერიან! დოლარების მრავალრიცხოვანი გუნდის თანდასწრებით ამის კეთება შეუძლებელია! პროფესიონალიზმსაც აქვს თავისი გონებრივი ზღვარი! და რაც მთავარია! ერთი წამით დაფიქრდით? ვაი, თუ ეგ თვისება გადამდებია და ჩვენს ფულსაც იგივე დაემართოს?! მერე რა უნდა ვქნათ! მერე რა გვეშველება? – შიშით სვამდნენ ამ შეკითხვას, სხვა “ჰეტერები” და ხელების კანკალით ათვალიერებდნენ კოხტა ხელჩანთებიდან ამოღებულ საფულეებს.
ჰოდა აღარც აღარავინ მოდიოდა, აღარც არავინ უჩერდებოდა გურამს. ქალის ალერსს დანატრებულმა კაცმა სცადა ყრუ ან სმენადაქვეითებულ მანდილოსებთან ურთიერთობა, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა.
- შენ, ხომ ყრუ ხარ, შე დედა…?! არაფერი გესმის! რატომ გარბიხარ, გამაგებინე? რატომ? – აღნავლდა გადარეული გურამი.
- უა ა ეის მაამ ულ ეის! – უპასუხა პანიკაში ჩავარდნილმა ყრუმუნჯმა ლამაზმანმა.
ჭკუიდან გადასულმა გურამს ვერაფერი გაეგო, ეცა გასაქცევად გამზადებულ ნახევრადშიშველ კახპას, ორივე ხელით ჩაეჭიდა და დაჩოქილმა სთხოვა ფურცელზე დაეწერა ის, რაც ამ წუთას თქვა. ქალმა ხელისკანკალით დაუწერა და სანამ გურამი კითხულობდა მის ნათქვამს, თავქუდმოგლეჯილმა დატოვა ავადასახსენებელი ადგილი.
- „ყურს არ ესმის, მაგრამ გულს და გონებას ხომ ესმის!“ – ეწერა ქაღალდის ნაგლეჯზე…
ერთი პერიოდი სამსახურ დაკარგული და უმუშევრად დარჩენილი გურამი ამ “შესაძლებლობების” წყალობით ფულსაც კი შოულობდა, მაგალითად აწყობდა სადღესასწაულო კონცერტებს, დიჯეობდა, რესტორნებში და დახურულ კლუბებშიც კი გამოდიოდა და “აღებდა” პირს, მაგრამ როცა რამოდენიმეჯერ ამ დაწყევლილი ფულის დაუმორჩილებელი ხასიათის და ამოუცნობი ლოგიკის გამო მაგარი “იაღლიში” მოუვიდა და კინაღამ გაილახა.
უძილობა დასჩემდა, შიშები დაეწყო, ხანდახან ეჩვენებოდა, რომ თვითონ “ის” – გურამი აღარ არსებობდა, სინამდვილეში “ის” პიროვნება ფულმა ჩაანაცვლა, მხოლოდ ყალბმა ფულმა, რომელსაც დღე – დღეზე ამოიცნობდნენ, გამოაშკარავებდნენ და როგორც უვარგისს დახევდნენ და ღუმელში დაწვავდნენ. ღამეები ვეღარ იძინებდა, სულ სარკესთან მირბოდა და ამოწმებდა “მართლა ბანკნოტებად ვიქეცი, თუ ისევ ჩვეულებრივი გურამი ვარო”. ნევროზმა სერიოზულად დასტანჯა და საბოლოოდ შეეშვა ამ ფორმის “საკონცერტო” მოღვაწეობას.
იყო პერიოდი, როცა გამალებით ეძებდა იმ საბედისწერო მათხოვარს. ათენებდა და აღამებდა გზაჯვარედინზე, მაგრამ გაცრეცილ ფარაჯიანი ბებერი არსად ჩანდა, არც არავინ იცოდა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ…
ბოლოს გამწარებულ-გაწამებულმა გურამმა იპოვა გამოსავალი და ჯიბეში არანაირ ფულს აღარ იჩერებდა. პლასტიკური ბარათებიც კი თავის საფულიანად სახლში, სადღაც უჯრებში შეტენა და ყველგან ჯიბე გამოფხეკილი დადიოდა, მხოლოდ კვირაში ერთხელ, გამთენიისას ან გვიან ღამით შევარდებოდა სუპერმარკეტში, მოიმარაგებდა სანოვაგეს, პირველადი საჭიროების აუცილებელ საგნებს და მიჰქონდა სახლში.
კმაყოფილი იყო? – ალბათ იყო.
ბედნიერი იყო? – არა.
მამკაცისთვის ფული ისეთივე საჭიროა, როგორც ქალისთვის ხელჩანთა. ორივე ამ მთავარი აქსესუარის გარეშე რაღაცნაირი უსუსური და არასრულფასოვანი ხდება. კარგავენ მიმზიდველობას და ხიბლს.
მერწმუნეთ, ამ სიტუაციაში არ იგულისხმება პატივისცემა. პატივისცემა, სხვა დონის დამოკიდებულებაა და მას ხორციელ ლტოლვასთან კავშირი არა აქვს, შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში არანაირ მატერიალურ სტიმულს არ მოითხოვს.
როცა ხიბლს ვამბობთ, ჩვენ სულ სხვა დონის შეფასებასა და დაფასებაზე ვსაუბრობთ. აქ, ადამიანურ გრძნობათა და ვნებათა დონეზე გამოწვეულ ინტერესს, ანუ ფარულ და უფრო ხშირად ღია სექსუალურ ლტოლვა-წადილს ვგულისხმობთ, რომელიც ყოველთვის ქრება უფულო კაცისა და უხელჩანთო ქალის მიმართ.
უფულო გურამი ვერავის ხიბლავდა.
ის, თავმოყვარე, ქარიზმატული კაცი იყო და ასეთ დამოკიდებულებას ნაცნობებისა და უცნობების მხრიდან ვერ გაუძლებდა, ვერ შეეგუებოდა და ვერ აიტანდა.
- თუკი სამი გზიდან ვერც ერთ აირჩიე, არ დაიბნე და ნუ იყოყმანებ! გაიხსენე, ცალხელა ქალისა და სამი სავსე კანისტრის ამბავი და აირჩიე სამივე გზა! – მოაგონდა გურამს ერთი ჭკვიანი კაცის სიტყვები.
“ამბავი სამი კანისტრისა და ცალხელა ქალისა”
კარგა ხნის წინ გურამსა და მის ნაცნობს, სადღაც საკუთარის მანქანით მოუწია წასვლა. იქ, ვიღაცის, თუ რაღაცის მოლოდინში მანქანა სოფლის განაპირას, ხეების ჩრდილში შეაყენეს, ნამგზავრ – დაღლილებმა თვალს მოატყუეს.
ძრავაგაცვეთილი დიდი მანქანის ხმამ ორივე გამოაფხიზლა. მათ წინ ПАЗ-3201-ის ორხიდიანი ავტობუსი კანკალებდა. კარი გაიღო და იქიდან ცალხელა ქალი ჩამოვიდა, ხმელხმელი მამაკაცი მიეხმარა ავტობუსიდან სამი “კანისტრის” ჩამოტანაში.
- შექალო, ამ კანისტრებმა კიღამ წელში გამწყვიტეს და რაფრა გამოგივა აგენის სახლამდე მიტანა? – ჰკითხა გახუნებული ხაკის პერანგსა და წითელ ჰალსტუხში გამოწკეპილმა დამხმარემ და „პაპიროზს“ მოუკიდა.
- აფერია! – უპასუხა ქალმა, უჩვეულო ხრინწიანი და დაბალი ხმით, – საცა აქომამდე მომატაინა გამჩენმა, სახლამდინაც მიმატაინებს!
- ვითამ? – გაიკვირვა კაცმა, მაგრამ ქალის მხრიდან პასუხი რომ ვერ მიიღო, დაემშვიდობა, – აპა კარქათ! – და ავტობუსში ავიდა.
- გეიხარე! – დაუქნია ქალმა ხელი აკანალებულ ავტობუსს და საბურავებიდან გამოვარდნილ მტვერს გაერიდა.
მარტოდ დარჩენილმა, მიმოიხედა, ვერავინ დაინახა, პირჯვარი გადაიწერა, ხელი მოკიდა ერთ კანისტრას და მიუხედავად მისი სიმძიმისა, სოფლის მიმართულებით ორმოცდაათი ნაბიჯი მაინც გაიარა, მერე უკან მობრუნდა, მეორე კანისტრას დაავლო ხელი.