ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება

ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე-მერი დაკავებულები არიან. გამოძიება ლაშა გოგიას და გია გულორდავას თანამდებობაზე ყოფნის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

საქმე ეხება ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მითითებული ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მერმა და ვიცე-მერმა ერთ-ერთ ბიზნესმენს სოლიდური თანხა მოსთხოვეს და შემდეგ გამოართვეს. საუბარია ჯამში 21 500 დოლარზე.

სავარაუდო კორუფციული გარიგება დაახლოებით ორი თვის წინ გახმაურდა. მაშინ ფარული აუდიოჩანაწერიც გავრცელდა, რის შემდეგაც მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.