ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი დაპირისპირება ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. იქ სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი იმყოფება და ეპარქიის წარმომადგენლებს არ აძლევენ წირვის ჩატარების უფლებას.

დაპირისპირებული მხარე ითხოვს საეკლესიო კრების ჩატარებას და იმ ბრალდებების განხილვას, რომელიც მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას წაუყენა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ ეკლესიაში შესვლა სცადა. მას ეკლესიის კარი დაკეტილი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირება მეუფესა და სასულიერო პირებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

სიტყვიერი დაპირისპირებისას, მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დანიელი, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა. ადგილზე მობილიზებული არიან  სამართალდამცავები.