საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური მილოცვებს იღებს.

კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა. უკვე 44 წელია, ის ერის 141-ე სულიერი წინამძღოლია. ბერად აღკვეციდან 20 წლის შემდეგ, მე-12 საეკლესიო კრებაზე პატრიარქად ილია მეორის არჩევით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყნისთვის რთული სიტუაციების დროს ერისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მისი პატრიარქობის დასაწყისი მძიმე დროს დაემთხვა – საბჭოთა რეჟიმის პირობებში ეკლესია არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა, მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა, უამრავი სამეცნიერო საგანმანათლებლო პროექტი, სასულიერო სასწავლებლების ამოქმედება, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, 2008 წლის ომის დროს ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ჩასვლა და ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების უფლების მოპოვება, დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად ყოველი მესამე და მომდევნო შვილის მონათვლის ინიციატივა – ეს ყველაფერი სწორედ ილია მეორის სახელს უკავშირდება.