ვარსკვლავი #კოსმოსი

ვარსკვლავი აირის უზარმაზარი, მანათობელი სფეროა. დედამიწასთან უახლოესი ვარსკვლავია მზე. ღამის ცაზე მოციმციმე ობიექტთა უმეტესობაც ვარსკვლავებია. დედამიწისგან შორს იმდენი ვარსკვლავია, რომ მათი დანახვა ტელესკოპის გარეშე შეუძლებელია; მათი უდიდესი ნაწილი ჩვენგან წარმოუდგენლად შორსაა.

ვარსკვლავები თავს იყრის უზარმაზარ ჯგუფებში, რომლებსაც გალაქტიკებს უწოდებენ. მზე და მისი სისტემა, მათ შორის დედამიწაც, გალაქტიკა ირმის ნახტომის ნაწილია. ჩვენი გალაქტიკა ასობით მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს. სამყაროში მილიარდობით ან ტრილიონობით გალაქტიკაა.

თითქმის ყველა ვარსკვლავი ძირითადად წყალბადისგან შედგება. ვარსკვლავის ბირთვი ძალიან ცხელია. ამ ბირთვს დიდი წნევა აწვება, რის შედეგადაც, წყალბადი ჰელიუმად გარდაიქმნება; ამ პროცესს ბირთვულ სინთეზს უწოდებენ და სწორედ ამ დროს წარმოიქმნება დიდი ოდენობით ენერგია, რომელიც ვარსკვლავს აკაშკაშებს.

ვარსკვლავები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ტემპერატურით, სიკაშკაშითა და ფერით. მის ფერს განაპირობებს ტემპერატურა და ქიმიური შემადგენლობა. მოცისფრო ვარსკვლავები უფრო ცხელია, მოწითალოები კი შედარებით ცივი. ჩვენი მზე სადღაც მათ შორის არის მოქცეული. ის ყვითლად კაშკაშებს და სიკაშკაშისა და ზომის თვალსაზრისით საშუალო ვარსკვლავთა რიგებს მიეკუთვნება.

ვარსკვლავი წყალბადისა და მტვრის ღრუბლებისგან იბადება. ეს მატერია ნელ-ნელა ერთად ჯგუფდება, მკვრივდება და ცხელდება. ჩნდება წნევა. თანდათანობით, იწყება წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნა და ვარსკვლავიც კაშკაშად აბდღვრიალდება.

მილიარდობით წლის განმავლობაში ნათების შემდეგ, ვარსკვლავი მთელი თავისი წყალბადის მარაგს ხარჯავს. პატარა და საშუალო ვარსკვლავები უფრო ნელა ცივდებიან და კაშკაშსაც უფრო გვიან წყვეტენ. დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგ, ასე დაემართება ჩვენს მზესაც.

დიდი ვარსკვლავები სიცოცხლეს აფეთქებით ასრულებენ, რასაც სუპერნოვას უწოდებენ. ამის შემდეგ, მისგან დარჩენილი მატერია გაცილებით პატარა ობიექტად იკუმშება, რომელიც უკვე აღარ კაშკაშებს. უზარმაზარი ვარსკვლავების შემთხვევაში, აფეთქების შემდეგ მათ ადგილას შავი ხვრელი ჩნდება. დარჩენილი მატერია იმდენად მძიმეა თავის ზომასთან შედარებით, რომ ვითარდება ძლიერი შიდა მიმართულების მიზიდვა. ამ მიზიდვას გრავიტაცია ეწოდება და იმდენად ძლიერია, რომ შთანთქავს ნებისმიერ რამეს, რაც შავ ხვრელს მიუახლოვდება, სინათლესაც კი.

მზეზე გაცილებით დიდი, მაგრამ არც ისე უზარმაზარი ვარსკვლავების აფეთქების შემდეგ, ნარჩენი მატერიით მათ ადგილზე შავი ხვრელის ნაცვლად ნეიტრონული ვარსკვლავები წარმოიქმნება.