„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სამართლებრივი დავაც გააგრძელონ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ელოშვილის განცხადებით, პროექტით, სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ის „ანას ბაღს“ ეხება. მისივე თქმით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატია, 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ამავდროულად გამგეობა ბაღს  300 კვადრატულს დაუმატებს. ინვესტორი, ასევე, „ანას ბაღის“ თავიდან ბოლომდე კეთილმოწყობას დათანხმდა.