საქართველოს ხელისუფლებას ყველა ეტაპზე მხოლოდ ერთი ცალსახა მოთხოვნა ჰქონდა, ეს იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, აქეთკენ იყო მიმართული მთელი ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა კითხვაზე, რა ვითარებაში მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.
„კითხვა უნდა იყოს, რატომ დააკავეს. ჩვენ არ შევდივართ არანაირ განხილვებში ე.წ. სტრუქტურებმა მიუსაჯეს თუ არ მიუსაჯეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი ამოცანა იყო უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, ამიტომ რა ფორმები იქნა მოძებნილი და გამოყენებული, ფიქრობ, არის მეორეხარისხოვანი, რადგან ქართულ მხარეს, ხელისუფლებას ყოველ შემთხვევაში, ყველა ეტაპზე მხოლოდ ერთი ცალსახა მოთხოვნა ჰქონდა, არანაირი პროცესებში და პროცედურებში არ შესულა, ეს იყო მისი გათავისუფლება, აქეთკენ იყო მიმართული მთელი ძალისხმევა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ყველა არხს ხან ვაკონკრეტებთ, ხან ვერ ვაკონკრეტებთ. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პირველივე დღიდან დაწყებული, როდესაც მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება, არა მხოლოდ პირდაპირი და არაპირდაპირი არხები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა შესაძლებლობით გახლდათ ჩართული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი სახელმწიფო, ჟენევის დისკუსიების მონაწილეები იყვნენ ჩართული ამ პროცესში.
„ჩვენი ყველა მეგობარი სახელმწიფო, სახელმწიფოს მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟენევის დისკუსიების მონაწილეები ჩართული იყვნენ იმაში, რომ მომხდარიყო შესაბამისი კომუნიკაცია და არა მხოლოდ დაეფიქსირებინათ პოზიცია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაკავების უკანონობასთან მიმართებაში, არამედ უკვე გადაედგათ ნაბიჯები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის გათავისუფლებას. ამიტომ ყველას, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაში, რა თქმა უნდა, დღეს მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.
ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.