ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია. საქართველო შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობს.
17 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 25 აგვისტო გლოვის დღეა. პარალელურად, საქართველო მეგობარი ქვეყნებიდან სამძიმრის წერილებს იღებს. საზღვარგარეთ მყოფი გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სამშობლოში სწრაფად დასაბრუნებლად კი, შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ. რაც შეეხება ტრაგიკული ავარიის შედეგად გადარჩენილ მოქალაქეებს, ბოლო ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. სამივე მათგანის სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსები ამ დრომდე იბრძვიან.