სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სვანეთში

მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მაშველები ძებნა-შველის ოპერაციას მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი მდინარეში გადავარდა. სამაშველო ოპერაციას ართულებს ის, რომ მდინარის დონე ძალიან მომატებულია. ამასთან, შემთხვევის ადგილი ახლოსაა მდინარე ენგურის შესართავთან, რის გამოც ძებნა-შველის ოპერაცია ენგურშიც მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.