გლოვის დღე ოდესაში

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი. დაშავდა რვა ადამიანი.

რუსეთი ქალაქს თავს დღეს დილით დაესხა, უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ოდესის მიმართულებით გაშვებული რვა დრონიდან შვიდის ჩამოგდება მოხერხდა, სულ კი უკრაინის საჰაერო სივრცეში ღამის განმავლობაში განადგურებულია 14 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.