მოამბისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი თბილისში ჩატარებული გახმაურებული ანტიტერორისტული ოპერაციის გარემოებები. მოპოვებული სასამართლო განაჩენის დასაბუთებულ ნაწილში, იმ გეგმაზეცაა საუბარი, რომელიც საქართველოს საზღვრის კვეთის დროს ახმეტ ჩატაევს და მის დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჰქონდა. საქმეში დევს აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებიც. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე და მის შემდეგ დაკავებული ორი პირი, ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო. ახალი გარემოებები ხდება ცნობილი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – რუსლან შავაძის შესახებაც. საუბარია პირზე, რომელიც, გამოძიების მიხედვით, ჩატაევს საქართველოში შემოსვლის დროს თან ახლდა.