ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე საფრანგეთში

137 დაღუპული, ათეულობით დაშავებული და თითქმის მთლიანად განადგურებული „კროკუს სითი ცენტრი“ – მოსკოვში მომხდარი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის ფაქტზე 11 ადამიანია აყვანილი. გამოძიების ცნობით, მათ შორის ოთხი უშუალო თავდამსხმელია, რომლებიც 22 მარტს საკონცერტო დარბაზის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღებით შეიჭრნენ. რუსეთში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ზოგიერთ ქალაქში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დახურეს. გაუქმდა გასართობი ღონისძიებების ნაწილი. მას შემდეგ, რაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო, ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე ამოქმედდა საფრანგეთში. ქვეყნის პირველი პირი ტერორისტული ორგანიზაციისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს. ოლიმპიური თამაშების მოახლოების ფონზე საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.