რუსეთთან აღდგენილი ავიამიმოსვლა

პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ და ხმაურიანი დახვედრა.

რუსეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ ხომალდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტით დახვდნენ. „აზიმუტ-ეალრაინსი“ პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოსგან ფრენების მოთხოვნაზე ნებართვა მიიღო და დღეს პირველი რეისი შეასრულა. „დროას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციამ სამართალდამცავებთან დაპირისპირების ფონზე ჩაიარა, დაკავებულია რამდენიმე მონაწილე.

არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე მხოლოდ არასანქცირებული რუსული კომპანიებისთვის იქნება ღია, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო მძაფრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევაში და მსოფლიოსგან იზოლირებულ რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებას სთხოვს, პასუხად მმართველი გუნდი ოპონენტებს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებებს ახსენებს. მწვავეა პრეზიდენტის რეაქციაც.