რუსეთმა ევროკავშირზე ზეწოლის მექანიზმები აამოქმედა

მოსკოვმა ზეწოლის მთავარი ბერკეტი აამოქმედა.

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების ამოქმედების შემდეგ კრემლმა ბუნებრივი აირის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენების ტაქტიკას მიმართა. პოლონეთი და ბულგარეთი პირველი ქვეყნებია, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა. დილიდან ეს ქვეყნები ბუნებრივ აირს ვეღარ იღებენ და გაზმომარაგების ალტერნატიულ გზებს ეძებენ. მოსკოვი ანალოგიური ზომებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთის ულტიმატუმს, ანუ ევროპისთვის მიწოდებული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას არ დათანხმდება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას კი ევროპის არცერთი ქვეყანა არ განიხილავს. კრემლის გადაწყვეტილება შანტაჟად და კონტრაქტების დარღვევად ფასდება, დასავლეთის ქვეყნები სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. ევროკომისია გაზმომარაგების ალტერნატიულ არხებზე და სათადარიგო გეგმაზე მუშაობს.

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ევროკავშირის პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალშია.