კრემლის მორიგი უკანონო და პროვოკაციული მოქმედება,- ასე ეხმაურებიან თბილისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეირაღებული ძალების მოდერნიზაციაზე ვლადიმერ პუტინის განკარგულებას. რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ სოხუმთან ხელშეკრულების გაფორმების დავალება გასცა.
პუტინის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ძალების მოდერნიზების ხარჯებს რუსეთი დააფინანსებს. ე.წ. დოკუმენტის ხელმოწერამდე მოსკოვი და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოლაპარაკებებს გამართავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რუსეთის მიერ ანექსორული პოლიტიკის გაგრძელებაა. თავად ე.წ. დოკუმენტი კი არალეგიტიმურია.
ოფიციალური თბილისი არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდის საერთაშორისო პარტნიორებს. არსებულ მდგომარეობაზე სალაპარაკოდ იგეგმება გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფორმატის გამოყენებაც.