ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის

კრემლის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინოს – ახლა მთავარი კითხვაა, როგორ უნდა განხორციელდეს ოკუპანტ ქვეყანასთან ფრენები ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მგზავრების უსაფრთხოება და არ მოხდეს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევა. ოფიციალური თბილისის პოზიცია ცნობილია – საქართველოს ავია-სივრცეში ვერ შემოვა ვერც ერთი ის ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულია და ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის „იკაოს“ უსაფრთხოების სტანდარტებს. პროცესს ართულებს მსხვილი მწარმოებლების გადაწყვეტილებაც, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიებს მომსახურებაზე უარი უკვე ერთ წელზე მეტია უთხრეს. შესაბამისად, ახლა ქართული მხარე იმ დოკუმენტების დეტალური შესწავლის პროცესშია, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს ქართული ავიასივრცის გადმოკვეთის უფლება უნდა მიეცეთ. ამ დროისთვის მსგავსი უფლება არასანქცირებულ „აზიმუტ ეარლაინსს“ მიენიჭა, რომელიც თბილისის მიმართულებით პირველ რეისს 17 მაისს შეასრულებს. ფრენის უფლებას კიდევ ოთხი ავიაკომპანია ელოდება, მათ შორის არის „ჯორჯიან ეარვეისიც“.