კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა

აფეთქება კრემლის ცენტრალურ გუმბათზე.

გვიან ღამით რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა. ინტერნეტში ვრცელდება მომხდარის ამსახველი ორი ჩანაწერი.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმა კიევმა სცადა, თუმცა სამხედროებისა და სპეცსამსახურების დროული მოქმედების შედეგად, ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან გამოიყვანეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, თავდასხმის შედეგად, ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი კი არ შეცვლილა. კრემლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. კრემლში ფაქტს დაგეგმილ ტერორისტულ აქციად და 9 მაისის აღლუმის წინ რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმად აფასებენ. „რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები, სადაც და როცა ჩათვლის საჭიროდ“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. მომხდარის შემდეგ მოსკოვში დრონების გამოყენება აიკრძალა. უკრაინულ მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სერგეი ნიკიფოროვი აცხადებს, რომ კიევი არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ღამის თავდასხმების შესახებ, ყველა არსებულ საშუალებასა და ძალას უკრაინა საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ მიმართავს და არა სხვის ტერიტორიებზე თავდასხმისკენ.. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი 9 მაისის წინ სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.