თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. აეროპორტში უკვე დაფრინდა „აეროფლოტი“მოსკოვი-თბილისის რეისი, რომელიც გუშინ  მინვოდში დაჯდა და ასევე – “ყატარის ავიახაზები“, რომელიც დოჰადან მოფრინავდა, თუმცა, თბილისში, ძლიერი ნისლის გამო, სათადარიგო ტერიტორია გამოიყენა და ბაქოში გაფრინდა.

გუშინ ძლიერი ნისლის გამო, დაგვიანებით შესრულდა დუბაის რეისი. გარდა ამისა, გაუქმდა რეისები სტამბოლისა და აქთაუს მიმართულებით. აეროპორტის ინფორმაციით, „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც გუშინ ნისლის გამო, ქუთაისში გადაამისამართეს, თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოფრინდება ბაქოდან “ყატარის ავიახაზები”, ამ საკითხზე აეროპორტის ადმინისტრაცია ჯერ კომენტარს არ აკეთებს.