დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.
ამასთან, იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად.
განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება. ამ მიზნით, ორი საქალაქო სამსახური გაერთიანდება.
კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური გაერთიანდება და კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახური დაერქმევა.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, თბილისის მერის, განცხადებით, კადრების შემცირება მათი თვითმიზანი არ არის და ყველაფერი თებერვლის ბოლოს გაირკვევა, როდესაც მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია დასრულდება.