პარლამენტში თავდაცვის კოდექსის მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა. მანამდე კი დეპუტატების კითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. კოდექსი 45 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ 2025 წლიდან წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს და ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან.
კანონპროექტი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შესაძლებლობას აღარ ტოვებს, ალტერნატიულ შრომით სამსახურს სასულიერო პირებიც გაივლიან. ეს მუხლი კანონპროექტის სამი მოსმენის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. თავდაცვის კოდექსს მხარს არ უჭერს ოპოზიციის დიდი ნაწილი. საკანონმდებლო ინიციატივას ყველაზე მწვავედ „გირჩი“ აკრიტიკებს და მოითხოვს სამხედრო გაწვევა ნებაყოფლობითი იყოს.