თავდაცვის კოდექსის განხილვა

პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კანონპროექტის მთავარი მოწინააღმდეგე „გირჩია“, რომელიც დოკუმენტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს. შენიშვნები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათ შორის „მოქალაქეებს“, რომელიც მეორე მოსმენის დროს 2025 წლიდან ასამოქმედებელ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეპრესიებისთვის და ახალგაზრდებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. კოდექსის პროექტის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციის წევრობა სამხედრო სამსახურის გავლისთვის თავის არიდების საფუძველი აღარ იქნება. ცვლილებებია სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებში – წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. იცვლება რეზერვის დაკომპლექტების წესი და ფართოვდება სამხედროების სოციალური გარანტიების პაკეტი.