სირიის ოპოზიციური გაერთიანების განცხადება

ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 5 ივლისს სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა, აბდურრაჰმან მუსტაფამ, გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

აბდურრაჰმან მუსტაფა აღნიშნავს, რომ ასადის რეჟიმი გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთისგან მიღებული ბრძანებების საფუძველზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბდურრაჰმან მუსტაფა შეხვდა საქართველოს ელჩს თურქეთში, ირაკლი კოპლატაძეს და საქართველოს გენერალურ კონსულს სტამბულში, ინგა კიკვაძეს, რომლის დროსაც განხილულ იქნა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ ასევე დაგმო სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ.