„შიდსი ჯერ არ დასრულებულა“- ამ სლოგანით აღნიშნავს წელს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს. სხვადასხვა აქტივობით უერთდება კამპანიას საქართველოც. სწორედ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს მიეძღვნა დღეს კონფერენცია სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც დარგის ექსპერტებმა განიხილეს სტატისტიკა და დასახეს სამომავლო გეგმები. დაგვიანებული დიაგნოსტირება და საზოგადოებაში არსებული სტიგმა – ეს არის ის ორი პრობლემა, რომელიც ამ დრომდე დაძლევას საჭიროებს. ქვეყანაში მხოლოდ მიმდინარე წელს 552 პირს დაუდასტურდა აივ შიდსი, რაც სტაბილურად საშუალო მაჩვენებლად მიიჩნევა. დარგის სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ რამდენიმე წელში ქვეყანაში ყველა ინფიცირებული გამოვლენილი იქნება და ისინი მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან. საქართველოში აივ შიდსის როგორც დიაგნოსტირება, ისე მკურნალობა უფასოა.