უამინდობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე მსუბუქი მანქანებისთვის მოძრაობა განახლდა კოდა-ფარცხისი-მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე.
ნამქერისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება ნაქერალას უღელტეხილზე, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. არამდგრად ამინდს სინოპტიკოსები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.
დღეიდან, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული. ამასთან ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 15 იანვრიდან კი სინოპტიკოსები უნალექო ამინდს და ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.