დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ჩუმათელეთი-ხუნევის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ასევე სხვა მონაკვეთებზე.
ვანი-სულორის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.