უპასუხისმგებლოს უწოდებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის პასუხს. საქმე გიორგი მარგველაშვილის მიმართვას ეხება, რომლის მიხედვით, მთავრობის სხდომაზე მისი მონაწილეობით უნდა განიხილონ ქვეყანაში არსებული ვითარება.
ნათია მიქელაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ პრეზიდენტის წინადადებას იმ შემთხვევაში განიხილავენ თუ ის კანონმდებლობის შესაბამისად იქნება შეთავაზებული. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციას ანა ნაცვლიშვილმა მიმართა მაშინ, როდესაც კანონით ეს თავად პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის მიერ პრემიერის სახელზე პირდაპირ ეთერში გაკეთებულ მიმართვაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედება კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად რთული მდგომარეობა არის ქვეყანაში.