საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები

საარჩევნო კოდექსი განხილვისა და უთანხმოების თემაა. საარჩევნო კოდექსში და რეგლამენტში შესატანი ცვლილებები იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. მსჯელობას მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ხმაურის მიზეზი „ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის პოზიცია გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამ პაკეტის მხარდაჭერით ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას არღვევს. ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს რეგლამენტის დარღვევაზე მიუთითა და მესამე მოსმენის დროს პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავება ურჩია.

დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ოპონენტების კრიტიკას კი მმართველი გუნდი არ იღებს.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო პაკეტით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი სამეტაპიანი ხდება. ასევე უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციის კვოტით ინიშნება. პარლამენტი დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს.