სარეზერვო ფონდის ხარჯვის კვლევაზე IDFI-ი ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში 595 მლნ ლარზე მეტი გაიცა, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი.

სარეზერვო ფონდის ხარჯვის კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა 2016 წელს – 172 მლნ ლარზე მეტი გაიცა. ამასთანავე, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით მინიმუმ 80%-ით იზრდებოდა.

IDFI-ის ინფორმაციით, მონაცემების დამუშავების შედეგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში, მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორსმაჟორულ, ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.

თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად – 155 მლნ ლარზე მეტი.

კვლევის შედეგებს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.