IDFI - მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2013-დან 2017 წლამდე 595 მლნ ლარზე მეტი გაიცა  
IDFI - მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2013-დან 2017 წლამდე 595 მლნ ლარზე მეტი გაიცა  

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში  595 მლნ ლარზე მეტი გაიცა, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ, 2013-2017 წლებში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა 2016 წელს გაიცა – 172 მლნ ლარზე მეტი.  ამასთანავე, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდებოდა მინიმუმ 80%-ით. მთავრობის სარეზერვო ფონდის შევსება კი ხდებოდა სხვადასხვა გზით, მათ შორის: საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე; ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე; ბიუჯეტში სხვადასხვა კატეგორიის ასიგნებების შემცირების ხარჯზე.

როგორც IDFI-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, მონაცემების დამუშავების შედეგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში, მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე,  არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე.

მიმოხილვის თანახმად, თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად – 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა, ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება – 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 25,2%). რიგ შემთხვევებში, თანხა გაიცემოდა ღონისძიებებისთვის, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდის ყოველ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გაიცემოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით. ჯამში 26 მაისის ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 5,162,626.80 ლარი.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდის ფაქტობრივ ხარჯში ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია  სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს (9%) და სოციალურ ხარჯებს (ჯამურად გაცემული თანხის 7%) . სოციალურ კატეგორიაში მოიაზრება ელექტროენერგიის სუბსიდიები, მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი და მატერიალური დახმარება, დევნილი ოჯახებისთვის დახმარების სხვადასხვა ფორმით გაწევა, ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა და სხვა. რაც შეეხება კატეგორიას – „სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის საჭირო“, ის სხვადასხვა ხარჯებს აერთიანებს. თუმცა, IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ კატეგორიის თანხები ძირითადად მომსახურების, საქონლის ან სამუშაოს შეძენისთვის გამოიყენებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, ღონისძიებების კატეგორიების მხრივ ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში გამოიყო ერთ კონკრეტულ სასოფლო სამეურნეო ღონისძიებაზე – 48 მლნ ლარი („2015 წლის რთველის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით“) , ასევე სპორტული ღონისძიებების – 32 მლნ ლარი და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებაზე – 9.6 მლნ ლარი, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნახევარზე მეტი თანხა 26 მაისის ღონისძიებას მოხმარდა.

„ამასთანავე, ის ღონისძიებები, რომლებისთვისაც საჭირო იქნებოდა საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა კონკურენციის გარეშე შეიძლება ყოფილიყო შეძენილი, რაც აჩენს ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში და აღნიშნულია, რომ რიგი სახელმწიფო უწყებები ყოველ წელს ითხოვდნენ თანხებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ჯამში 2013 წლიდან 2017 წლის განმავლობაში გამოეყო 100 მლნ ლარზე მეტი, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისიტრო – 40 მლნ ლარზე მეტი.

IDFI-ის ცნობით, ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოავლინა რიგი პრობლემები – კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები შეუზღუდავ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას სარეზერვო ფონდების განკარგვისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა და გაუმჭვირვალე ხარჯვის რისკები.