საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება - დღის საათებში შედარებით გამოიდარებს და ქარის სიძლიერეც შესუსტდება

საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დღის საათებში შედარებით გამოიდარებს და ქარის სიძლიერეც შესუსტდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში ამბობენ, რომ უხვი ნალექი და ქარი მოსალოდნელი არ არის, მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება მცირე წვიმა.

გუშინ, 21:00 საათიდან, დღეს დილის 08:00 საათის ჩათვლით, არსებული ინფორმაციით, სტიქიის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 60-მდე გამოძახება შევიდა. სამსახურის ინფორმაციით, თბილისში დაზიანდა 14 საცხოვრებელი სახლი, 13 ხე, გარე განათების ორი ბოძი, 10 ელექტროსადენი, ხუთი ავტომობილი, გაზის ოთხი ცენტრალური მილი და ხუთი სარეკლამო ბანერი.

მცხეთა-მთიანეთში დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. ქედასა და ლანჩხუთში ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. კახეთში დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. წყალტუბოში ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.