საქართველოს საკითხის განხილვა ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე - მხარდამჭერი განცხადებები
ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დელეგაციებმა ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი, როგორც ნდობის აღდგენის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი.
აშშ მიესალმება საქართველოს მთავრობის შეთავაზებათა პაკეტს, რომლის მიზანია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, მიშელ საიდერსმა განაცხადა.
საიდერსის სიტყვით გამოსვლის ტექსტი აშშ-ის მისიის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამას გარდა, აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. მიშელ საიდერსის თქმით, აშშ ითხოვს, რომ დიპლომატებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო დიდი წვდომა ჰქონდეთ. ვაშინგტონში ასევე მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება ეუთო-საც უნდა ჰქონდეს.