ხუთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ტატუნაშვილია დაკრძალული, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ადგილზე პატივი მიაგეს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. არჩილ ტატუნაშვილის შესახებ განცხადება გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სოციალური ქსელის გვერდზე. ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნათქვამია: „სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა“.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ორ თვეში გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.