არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა

დღეს ქვეყანა ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს და საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლს იხსენებს.

ოკუპანტების მიერ სასტიკი წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. მცხეთის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად უვადო პატიმრობა მისჯილი და წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან. 2018 წლის თებერვალში ახალგორში მყოფ ტატუნაშვილს თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული რაიონის ე.წ. სამართალდამცავებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მოგვიანებით ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც წამებით მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მას სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა და ორგანოებიც ამოცლილი იყო. საოკუპაციო რეჟიმი ოჯახისთვის ცხედრის გადაცემაზე ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს.