საქართველოს მოქალაქეები სუდანში და ვითარება ხართუმში

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ვერ ხერხდება.

ინტენსიური შეტაკებების გამო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დერეფანი რამდენიმე საათით მხოლოდ დაჭრილთა გასაყვანად და ცხედრების გადასასვენებლად გახსნეს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა. ამ მომენტისთვის სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც თურქეთში ჩვენი საელჩო სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. შეტაკებების ეპიცენტრშია დედაქალაქში განთავსებული სტრატეგიული ობიექტები. დაპირისპირება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის სამოქალაქო მმართველობის გადასვლის ფორმაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გეგმა ხელისუფლების სამოქალაქო ჯგუფებისთვის გადაბარებას და ქვეყნის არმიაში გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი რეაგირების ძალების“ ორი წლის ვადაში გაერთიანებას გულისხმობდა, რასაც დაჯგუფება არ დაეთანხმა. სუდანში, რომელსაც ორი წლის წინანდელი გადატრიალების შემდეგ სამხედრო გენერლები სუვერენული საბჭოს დახმარებით მართავენ, სიტუაცია უკონტროლოა, დაღუპულია ათეულობით ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 1 000-ს აღწევს.