პოლიტიკურ ძალათა მხარდაჭერა - ახალი კვლევა

NDI და CRRC ერთობლივ კვლევას აქვეყნებენ. გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ერთსულოვნად უჭერენ მხარს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ. თუმცა, NDI-ის კვლევის მიხედვით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია. 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა. 13%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. 6%-მა არ იცის. „ნაციონალური მოძრაობა“ კი გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტითაა გაზრდილი. გამოკითხულთა 54 პროცენტმა განაცხადა, რომ პოზიტიურად აფასებს მთავრობის საქმიანობას, 38% თქვა, რომ ცუდად მუშაობს მთავრობა, არ ვიცი, – განაცხადა ექვსმა პროცენტმა, ხოლო უარი პასუხზე თქვა ორმა პროცენტმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 29 პროცენტი დადებითად აფასებს, 37 პროცენტი – საშუალოდ. ასევე საშუალოდ ან კარგად აფასებს, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას.

დოკუმენტზე მუშაობა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. კვლევა სულ 2,068 ზრდასრულ მოქალაქესთან ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2 პროცენტია“, – აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.