ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორის სალაჰ ა-დინის მთავარ, ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაზე ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. ეს ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრებ პალესტინელებს სამხრეთით გადაადგილების საშუალებას მისცემს. 36-ე დივიზიამ სახმელეთო ოპერაციების გაფართოების ფარგლებში ღაზის სანაპირომდე მიაღწია. ის ქვეითი ძალებისგან, ტანკებისგან, არტილერიისა და საბრძოლო ინჟინრებისგან შედგება და როგორ ცნობილია, გასულ 24 საათში შეტევა განახორციელა „ჰამასის“ დაახლოებით 50 სამიზნეზე, მათ შორის, საბრძოლო ზონებზე, ოპერატიულ რეზიდენციებზე, სამხედრო პოზიციებსა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. გასული ღამის განმავლობაში ძლიერი შეტევა იყო ღაზას სექტორზე. აფეთქებები სამხრეთ ისრაელიდან დაფიქსირდა, თუმცა, ჯერ დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.