სანაპირო დაცვა - სააბორდაჟო ჯგუფები ნატო-ს ოპერაციებში

შავი ზღვა, როგორც პრიორიტეტული მიმართულება ნატო-ს დღის წესრიგში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად დგას. ამის უმთავრესი მიზეზი, ცხადია, ყირიმის ანექსიაა. პორტი, რომელიც შავ ზღვას ფატქობრივად შუაზე ყოფს, რუსეთს რეგიონში სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს  და საფრთხეს წარმოადგენს კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე შავი ზღვის აუზის ყველა სახელმწიფოსთვის. ნატო-ს წევრობაზე ხმამაღალი განაცხადით საქართველოც ასეთ სახელმწიფოებს მიეკუთვნება და ვითარება ამ მხრივ, არც თუ სახარბიელოა –  309 კილომეტრიანი საზღვაო  ზოლიდან, რომელიც საქართველოს დასავლეთით ეკვრის, ოფიციალური თბილისი მხოლოდ  მცირე ნაწილს აკონტროლებს. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ზღვაზე საქართველო მხოლოდ სანაპირო დაცვით არის წარმოდგენილი.

სანაპირო დაცვის განვითარება საკმაოდ სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობდა და დღეს ქვედანაყოფები ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ისეთივე სრულფასოვან წევრებს წარმოადგენენ, როგორც თავდაცვის ძალების სახმელეთო ძალები. მათ შორის კი განსაკუთრებით შეიძლება გამოიყოს სააბორდაჟო ჯგუფები, რომლებიც   ნატო-ს ოპერაციებისთვისაც ემზადებიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატო-ს საერთაშორისო მისია ,,ზღვის მცველში”-ში მოახდინა ორი აბორდაჟის ჯგუფის დეკლარირება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ნატოს საზღვაო დოქტრინებთან და სტანდარტებთან. პროცესი მიმდინარეობს „ოპერაციული შესაძლებლობებისა და უკუკავშირის პროგრამის“ ფარგლებში. შეფასების პროცესის დასრულება იგეგმება 2020 წლისთვის, მარტში კი შეფასების შემდგომი ეტაპი შედგა. აბორდაჟის ჯგუფების მზადყოფნა საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მყიფე გარემოს ჭრილშიც. აფხაზეთის ოკუპაციის და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით,  რუსეთის აგრესიული ქმედებები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, ოპერაციამ – „აქტიური ძალისხმევა“, ტრანსფორმირება განიცადა. ოპერაციას შეეცვალა სახელი და წარმოდგენილია როგორც ოპერაცია „ზღვის მცველი“. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააფიქსირა მზადყოფნა ნატო-ს ახალი ოპერაციის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ხელი მოეწერა  ურთიერთგაგების ახალ ტაქტიკურ მემორანდუმს. დღეისათვის,  საქართველოს სანაპირო დაცვა ოფიციალურად წარმოადგენს ოპერაცია „ზღვის მცველის“ პოტენციურ ოპერაციულ პარტნიორს.

აბორდაჟის ჯგუფების მომზადება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტს ითვალისწინებს –   გადამზადება მოხდება როგორც საქართველოში, ასევე ნატო-ს აკრედიტირებულ სასწავლო დაწესებულებებში. კურსები ინტენსიურია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: აბორდაჟის ჯგუფის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, საზღვაო ოპერაციების ტერმინოლოგია და მასობრივი განადგურების იარაღები აბორდაჟის ოპერაციებში.

ნატო-ს საზღვაო ძალების მართვის ცენტრსა და სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის ცენტრს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის პარალელურად, კონსულტაციები დაიწყო საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსა და ნატო-ს ნაოსნობის ცენტრს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმის დახვეწის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის არეალს და ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზში უსაფრთხო ნაოსნობას.

გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ურთიერთქმედება ნატო-ს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთებთან, რაც განპირობებულია შენაერთის ხომალდების საქართველოში საპორტო ვიზიტების ინტენსივობის გაზრდით.

შავი ზღვის აუზი ევროატლანტიკური და ევროპული უსაფრთხოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოექცა. ნახევარკუნძული პრაქტიკულად საზღვაო ციხესიმაგრეს წარმოადგენს, საბრძოლო ხომალდებითა და წყალქვეშა ნავებით.  5 წლის წინ, 2014 წლის  27 თებერვალს გამთენიისას, „მწვანე კაცუნები“ ყირიმის ნახევარკუნძულზე გამოჩნდნენ. ისინი რეგიონული პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და რუსული დროშა აღმართეს. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მათ ყველა სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს, მათ შორის შეძლეს სამხედრო ნაწილების ბლოკირება და იზოლაცია. საბოლოო ჯამში მოახდინეს ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ კი მისი ანექსია.

შავ ზღვაზე ნატო-ს უმთავრესი ამოცანა მოკავშირეებისა და პარტნიორების დაცულობაა და საერთაშორისო სამართლის  ნორმების დაცვით ზღვაოსნობის თავისუფლებაა. ამ კუთხით, ნატო-ს ხომალდებმა მხოლოდ 2018 წელს 120 დღე გაატარეს შავი ზღვის პატრულირებაში. ჩაატარეს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 53  ერთობლივი წვრთნა და მონაწილეობა მიიღეს 26 მასშტაბურ წვრთნაში.

საქართველოს სანაპირო დაცვის სააბორდაჟო ჯგუფის ორდონიანი შეფასებისა და ნატო-ს მხრიდან სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ,  2020-2021 წლებში საქართველოს სანაპირო დაცვას ნატო-ს ქვედანაყოფების შესაბამისად მომზადებული და აღჭურვილი სააბორდაჟო დანაყოფები ეყოლება. ამ ჯგუფებს ნატო-ს რეაგირების ძალების სტატუსი მიენიჭებათ.  ამჟამად ქვედანაყოფი ინტენსიურ მომზადებას გადის, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად ფოთის სამხედრო ნავსადგურში დაიღუპა 5 და დაიჭრა სამხედრო–საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი. უკვე 2009 წლიდან, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საერთაშორისო საზღვაო სწავლებებში  აქტიურად მონაწილეობს. წვრთნების ძირითადი მიზანი  ნატო-ს გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის მხარდაჭერა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიზნით, საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ამაღლებაა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი  ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია ,,აქტიური ძალისხმევის” მხარდამჭერია, ხოლო 2011 წლიდან ტაქტიკური და სადაზვერვო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მიმდინარეობს.

იმ ფონზე, რომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ გააჩნია, სანაპირო დაცვის სამსახურს ფაქტობრივად ორ, თვისობრივად სხვადასხვა ტიპის ამოცანასა და გამოწვევასთან უწევს გამკლავება.  ფაქტი, რომ პირადი შემადგენლობა მოწოდების სიმაღლეზეა, იმითაც დასტურდება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები მათ სრულფასოვან პარტნიორებად განიხილავენ, თუმცა მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო მაინც იმ ერთეულ ქვეყანათა სიაში რჩება, რომელიც საზღვაო საზღვარს სამხედრო-საზღვაო ძალების გარეშე იცავს.