ხვალ ოთხი წელი გადის რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომიდან.
ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ ომს ასი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. რუსეთის ასი ათასიანი არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას შეიჭრა და დღემდე უკრაინის 20 % აქვს ოკუპირებული. არაერთი უშედეგო შეხვედრის თუ დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ ომის დასრულებას პრეზიდენტის ახალი სამშვიდობო გეგმით ვაშინგტონი ცდილობს. რუსეთზე ზეწოლის მოხდენას და აგრესიის შეჩერებას სანქციებით ცდილობს ევროკავშირი, თუმცა საგარეო საქმეთა დღევანდელ მინისტერიალზე სანქციების მე-20 პაკეტი ჩავარდა – უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის წევრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თავის მხრივ რუსეთი საბოლოო მიზნის მიღწევამდე ომის შეჩერებას არ აპირებს.