ოთხი წელი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
დონბასისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებიდან ორ დღეში რუსეთმა სამხედრო შეტევა დაიწყო. საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. არაერთი უშედეგო შეხვედრისა და წარუმატებელი დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას და ომის დასრულებას აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს, რომელმაც თვეების წინ ახალი სამშვიდობო გეგმა მოამზადა. საომარი მოქმედებების დაწყების ოთხი წლისთავზე ევროკავშირის ლიდერები და რამდენიმე ევროპული ქვეყნის პირველი პირები კიევში იმყოფებიან. მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერებისგან მხარდაჭერის გაგრძელების, საბრძოლო მასალების მიწოდების და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების დაპირება მიიღო. ევროკავშირი მოსკოვზე ზეწოლას და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას სანქციებით ცდილობს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სასანქციო პაკეტი მიიღო დიდმა ბრიტანეთმა. ტრამპის სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკების უკვე სამი რაუნდია გამართული, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებზე და ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს.