ვაშინგტონის პოლიტიკის გავლენა რუსეთ-უკრაინის ომზე 

როგორ აისახა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის და ისრაელის მიერ დაწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაცია უკრაინა-რუსეთის ომზე – ვოლოდიმერ ზელენსკი ირანის წინააღმდეგ დაწყებული შეტევების ფონზე უკრაინისთვის შემცირებულ სამხედრო დახმარებაზე ღიად საუბრობს და იმ სარგებელზე მიუთითებს, რასაც, მისი აზრით, 28 თებერვლის შემდეგ რუსეთი იღებს. ფაქტია ისიც, რომ ამ დრომდე ღიად რჩება უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის სახით გამოყოფის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დამტკიცების საკითხიც, რაც დღეს კიევში ჩასულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც დაადასტურა. ამ დრომდე ბუნდოვანია ომის დასასრულებლად ტრამპის ინიციატივით თვეების წინ დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივაც. მითუმეტეს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.