უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, სადაც გუშინ ფერდი ჩამოიშალა და გვირაბი დააზიანა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განახლდება – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, აღნიშნული ფერდის გამაგრება და დატერასება სამშენებლო პროექტით იყო გათვალისწინებული, თუმცა, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სექცია გასუფთავდება, ჩვეულ რეჟიმში, პროექტის შესაბამისად გაგრძელდება სამშენებლო სამუშოები.