S-400-ების  პოლიტიკური ფასი
S-400-ების პოლიტიკური ფასი

ისრაელის კერძო კომპანიამ „ImageSat“-მა გამოაქვეყნა კადრები, რომელზედაც  თურქეთში S-400-ების დაშვებაა აღბეჭდილი. ეს ოპერატორი რეგულარულად აქვეყნებს კადრებს კოსმოსიდან ახლო აღმოსავლეთის სხვადსხვა რეგიონიდან, ასევე მათ ანლიტიკურ კომენტარსაც. როგორც ცნობილია სსკ S-400-ის მიწოდება 12 ივლისს დაიწყო, რამაც უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა ვაშინგტონსა და ანკარას შორის.

მაინც რაში დაჭირდა თურქეთს S-400-ები? რთული სათქმელია. სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, მათ შორის, ზოგიერთი იმდენად დაუჯერებელი და ეგზოტიკური, რომ ღიმილსაც იწვევს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, S-400-ები თურქეთს თავდაცვისათვის სჭირდება.  თუმცა რის ფასად აგვარებს ის ამას?

1.      შეჩერდა თურქეთისათვის F-35-ების მიწოდების პროგრამა;

2.      შეჩერდა თურქი პილოტების F-35-თვის მომზადების პროგრამა;

3.      თურქეთი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო F-35-ების წარმოებაში, ამოირიცხა პროგრამიდან;

4.      თურქეთი რეალურად დადგა აშშ ეკონომიკური სანქციების  ამოქმედების რისკის ქვეშ.

როგორც თურქი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, პრობლემის თავი და თავი იმაშია, რომ საჰაერო თავდაცვის ნატო-ს ინტეგრირებული სისტემა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თურქეთის მთელი ტერიტორია მოიცვას. დაუცველი რჩება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მრავალმილიონიანი მოსახლეობით, რომელიც დაუცველია ახლო აღმოსავლეთიდან სარაკეტო თავდასხმისას. თურქეთის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, თადარიგის გენერალ-პოლკოვნიკი ისმაილ ჰაკი პეკინის აზრით, S-400-ებმა უნდა უზრუნველყონ საჰაერო დაცვა საბერძნეთისაგან, ისრაელისაგან, შესაძლოა ირანისგან, ანდა სომხეთის მიმართულებიდან. აქედან, ირანსა და ისრაელს შეუძლია საკუთრი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება. თავის დროზე, აშშ-მ უარი უთხრა თურქეთს „Patriot“-ის კომპლექსების გადაცემაზე. თურქეთს კი, ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი საფრთხეების ფონზე, აუცილებლად სჭირდება საკუთარი სამხრეთ-აღმოსავლეთის ფლანგის დახურვა. ამიტომაც მისი პოლიტიკური რისკი, რომელიც S-400-ების შეძენამ გამოიწვია, გამართლებული ჩანს. მეტიც, თურქეთმა განაცხადა  S-500-ების წარმოებაში მონაწილეობის მზადყოფნა. მართალია, ოფიციალური დასტური რუსეთისგან ჯერ არ მიუღია, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. მოუწევს თუ არა ამისათვის თურქეთს დამატებითი პოლიტიკური ფასის გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი