რუსული გეოპოლიტიკური ექსპანსიის იდეოლოგია და ე.წ. სამხრეთკავკასიური საფრთხე
რუსული გეოპოლიტიკური ექსპანსიის იდეოლოგია და ე.წ. სამხრეთკავკასიური საფრთხე

დღევანდელი პოლიტიკური ლექსიკონი (ყოველ შემთხვევაში, ქართული მაინც), რუსეთთან მიმართებაში ძირითადად გაჯერებულია ტერმინოლოგიით, რომელიც რამოდენიმე სიტყვის გარშემოა თავმოყრილი. ეს სიტყვებია: მტერი, ოკუპაცია, ომის საფრთხე, იმპერია და რამოდენიმე სხვა, რომელიც შინაარსობრივად შორს არა დგას ჩამოთვლილთაგან და რომელთა ხმარების ძირითადი კონტექსტი იმ შინაარსის მატარებელია, რომ დღევანდელმა რუსეთმა მიზნად იმპერიის აღდგენა დაისახა ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში მაინც და ამას მიზანდასახულად ახორციელებს. დსთ, რუსეთ-ბელორუსიის საკავშირო სახელმწიფო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიკური თანამეგობრობა, საბაჟო კავშირი, ერთიანი ეკონომიკური სივრცე და სხვა ამდაგვარი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ერთგვარად, ცხადყოფს რუსეთის მიზანდასახულობას. მეტიც, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები კავკასიაში, კერძოდ საქართველოში, ცხადყოფს იმასაც, რომ რუსეთი მზადაა ნებისმიერ რადიკალურ ნაბიჯზე, რომ საკუთარი იმიჯი და ინტერესი დაიცვას, ანდა დაიცვას ის, რაც მას ასეთ ინტერესად მიაჩნია. ერთი შეხედვით ისიც ჩანს, რომ თავისი პოტენციალის, შესაძლოა, პოლიტიკურ სივრცეზე მოთამაშე გლობალური ძალების პოლიტიკის  ან თუნდაც ჩვენთვის არც თუ მთლად ცხადი მოტივების, „წყალქვეშა დინებების“ და სხვა ნიუანსების გამო, რუსეთი არც მაინცა და მაინც შორსაა მიზნისაგან. ამ შეთხვევაში კი ეჭვის ქვეშ დგება ყველა ნაციონალური პროექტი (საქართველოსთვის მაინც), თვით სუვერენული ეროვნული სახელმწიფოს პროექტის ჩათვლით. ამ ხედვიდან, ლოგიკურია, ეროვნული უსაფრთხოებისათვის რუსეთის ძირითად გამოწვევად მიჩნევა და ამ ფაქტორის ნეიტრალიზაციის მცდელობა.
თუმცა, შესაძლოა საკითხს სხვა კუთხითაც შევხედოთ: ეშინია თუ არა რამის თავად რუსეთს? არის ის რეალური ძალა, თუ ეროვნული ყოფნა-არყოფნის დილემა მასაც უდგას?
შევნიშნავ, რომ კითხვები რიტორიკული სულაც არ  გახლავთ. ამგვარად, ძირითადი კითხვა ასე ჟღერს: სინამდვილეში, როგორ აღიქვამენ რუსები გარემოს?
რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რუსეთისათვის, ისევე როგორც ყველა სხვისთვის, სამხედრო საფრთხეების თემა ორ ნაწილადაა გაყოფილი: საგარეო და შიდა. საგარეო საფრთხეების ჩარჩოს მის დასავლეთ საზღვართან NATO, ხოლო აღმოსავლეთ საზღვართან ჩინეთი კრავს. რაც შეეხება სამხრეთს, აქ კავკასიისა და შუა აზიის სახით, რუსეთის სამხრეთ საზღვრის მთელ მონაკვეთზე, უკვე წლებია ნარჩუნდება ფეთქებადსაშიში მდგომარეობა „ძველი“, გაყინული კონფლიქტებისა და პოტენციურად შესაძლებელი კონფლიქტის ახალი კერების გააქტიურების ხარჯზე.

NATO-ს მხრიდან ძირითად საფრთხეებად მიჩნეულია:

1.    აღმოსავლეთით გაფართოება და, ასე ვთქვათ, მისი რუსეთის საზღვარზე მიბჯენა;
2.    მოსაზღვრე ქვეყნებში NATO-ს კონტინგენტების გამოჩენა და აქ სამხედრო ძალების გამოყენება;
3.    სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნა და გაშლა რუსეთთან საზღვრის უშუალო სიახლოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ღიად მითითებული არ არის, ტექსტიდან აშკარად იკითხება, რომ მის მხრიდან ძირითად საფრთხეებად მიჩნეულია:

1.    რუსეთის საზღვართან პერიოდულად მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები; 
2.    რეგიონის ტერიტორიული ხედვა, რომელიც რუსეთთან ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.
შიდა საფრთხეებში ძირითადად დეზინტეგრაციის შიში (რა თქმა უნდა, გარე ძალების მონაწილეობით), ან კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის პერსპექტივა იკვეთება. ეს (დეზინტეგრაციის) შიში არა მარტო წარმოსახვითი მოცემულობაა, არამედ მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარით ნაკარნახევი განცდა და კავკასია ამ განცდის რეალური მასაზრდოებელია.

2010 წლის 9 ნოემბერს, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე შედგა კონსერვატიულ კვლევათა ცენტრის სემინარი, რომლის ძირითადი განხილვის თემა გახლდათ, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ჩრდილოკავკასიურ ფედერალურ ოლქში „არნახული მასშტაბის ეთნიკური დაპირისპირების შესაძლებლობა“. სემინარში მონაწილეთა თვალსაზრისით, ეს, ასე ვთქვათ, მესამე კავკასიური ომი, ძირითადად, მიმართული იქნება კავკასიურ ეთნოსებს შორის ურთიერთობის გარკვევაზე. ამდენად, ეს იქნება ომი ყველასი და ყველას წინააღმდეგ. ხოლო რუსეთისათვის, ეს ვითარება, ირიბად, რეალური დეზინტეგრაციის საფრთხეს შექმნის. რუსი გეოპოლიტიკოსი, სოციოლოგი და ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი ამდაგვარი დაპირისპირების მიზეზად რამოდენიმე გარემოებას გამოყოფს:
I.    კავკასიური ეთნოსების სწრაფვა საკუთარი ეროვნული სახელმწიფოების შექმნისკენ (ეთნოსეპარატიზმი);
II.    ეთნოსებს შორის გაურკვეველი ადმინისტრაციული საზღვრების გამო წლობით მიმდინარე დავა და  ამ საზღვრების სახელმწიფო საზღვრებად გარდაქმნის მცდელობა; 
III.    რეგიონში მიმდინარე მიგრაციული პროცესები, კერძოდ გარკვეული ეთნოსების  რუსული ეთნოსით დასახლებულ რეგიონებში გადანაცვლება და ამით ახალ ადგილებზე პრობლემების შექმნა.

დუგინის აზრით, ტენდენციამ უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამხრეთი კავკასია რეალურად გამოსულია რუსული გავლენიდან, შესაძლოა, ჩრდილოკავკასიური ფედერალური ოლქის რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობიდან  სრული გასვლისთვის მყარი ნიადაგი შექმნას და ამან, თავის მხრივ, შესაძლებელია, რუსეთის შემდგომი დეზინტეგრაციაც შეუქცევადი გახადოს. დუგინი მიიჩნევს, რომ აღნიშნული, მართლაცდა გეოპოლიტიკური კატასტროფის ტოლფასია, ვინაიდან იმდაგვარი ძალებისა და გეოპოლიტიკური ვექტორების გააქტიურებას გამოიწვევს, რომ ძალთა ხელახალ დაბალანსებას ამ სივრცეში, შესაძლოა მთელი საუკუნე დასჭირდეს.
დუგინი აქვე სვამს კითხვას –  რა არის დღეს რუსეთი?  კითხვა, რომელიც, თავისი, ერთი შეხედვით, ბანალურობის მიუხედავად, არც ტრივიალურია და არც რიტორიკული.
თუ სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი რუსეთის ფედერაციის რუკას დავაკვირდებით, ადვილად დავრწმუნდებით იმაში, რომ, როგორც ალექსანდრე დუგინი ამბობდა, დღევანდელი რუსეთი გეოპოლიტიკურ აბსურდს წარმოადგენს.  რა უნდა იგულისხმებოდეს ამაში?

რუსეთი ევრაზიულ სივრცეში

პირველ რიგში, როგორც ჩანს, დუგინს მხედველობაში აქვს ორ კონტინენტზე გრძივად გადაჭიმული სივრცე, რომლის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრები,  რუსეთ-ჩინეთისა და რუსეთ-მონღოლეთის  საზღვრების მონაკვეთების გარდა, არათუ დაცული, არამედ დემარკირებულიც არ არის. მეორეს მხრივ, დუგინი იმ გეოპოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნება, რომელთათვისაც ჯერ კიდევ აზრიანია Heratland-Rimlandiის და World Island-ის დიხოტომია. იდეა მაკინდერს ეკუთვნის, რომელმაც დაინახა რა მსოფლიო ისტორიული პროცესის ამ ტერმინებში ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, საკმაოდ მწყობრი სისტემა შექმნა. ამ სისტემის საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ ევრაზიული Heartland ისტორიის გეოგრაფიულ ღერძთანაა გაიგივებული.

მაკინდერის ხედვა 1940 წელს. ა. დუგინის წიგნიდან „გეოპოლიტიკის საფუძვლები“

ეს უკანასკნელი გარემოება, აგრეთვე წანამძღვარი, რომ Rimland-ის გარეშე ვერც „მსოფლიო კუნძული“ და ვერც „ისტორიის გეოგრაფიული ღერძი“ სრულ თვითრეალიზაციას ვერ ახდენს, დუგინს ერთობ საინტერესო განზოგადოებებისკენ უბიძგებს:
1.    რუსეთი ან თავს აღწევს საკუთარ გეოპოლიტიკურ აბსურდულობას, ან ქრება ისტორიიდან.
2.    ვინაიდან ისტორიის გეოგრაფიული ღერძი სწორედ ის სივრცეა, რომელიც რუსეთს რეალურად უჭირავს, მისი ვალდებულებაა არა მარტო შეინარჩუნოს ეს სივრცე, არამედ უზრუნველყოს მისი სრული რეალიზაციის შესაძლებლობა.
3.    რუსეთისათვის, როგორც „ღერძისთვის“,  Rimland-ს მთელი დანარჩენი ევრაზია წარმოადგენს. ამიტომ, ეს სივრცე სწორედაც რომ მთლიანად უნდა  იქნას „თვისებული“ (რაც, მაინცადამაინც, რუსეთში სრულ ინტეგრირებას არ გულისხმობს, მაგრამ არც უამისობაა), წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვლად მოხდება ჯერ რუსეთის დაკნინება, ხოლო შემდეგ, მისი ისტორიის სცენიდან გასვლა.
4.    ამ ამოცანის გადასაწყვეტად აუცილებელია ეტაპობრივი ექსპანსია სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთს და დასავლეთის მიმართულებით. ჩრდილოეთით და უკიდურესი აღმოსავლეთით რუსეთს თავისი „გეოპოლიტიკური მისია“ ისტორიულად შესრულებული აქვს: ის ოკეანეებს (ჩრდილო ყინულოვანი და წყნარი) არის მიბჯენილი.
5.    ექსპანსია რუსეთისათვის ისედაც ბუნებრივი მდგომარეობაა: რუსეთმა ქმნადობა, როგორც იმპერიამ, დაიწყო და ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა ბოლო სამასი წლის განმავლობაში. იმპერია კი მუდმივად უნდა ფართოვდებოდეს. თუ არ – მაშინ ის ჯერ კნინდება (სუსტდება, დეგრადირდება), ხოლო შემდეგ ისტორიის ასპარეზიდან ქრება.
ამგვარად, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, დუგინისათვის, სსრკ დაშლა რუსეთის იმპერიის ბუნებრივი ზრდის წყვეტა იყო. ამდენად, ის თვლის, რომ რუსეთისთვის მხოლოდ ორი გზაა დარჩენილი:
1. ზრდაზე უარის თქმა, და ისტორიული ასპარეზიდან გასვლა (მაგრამ მაშინ რა ვუყოთ იმ მორალურ „ვალდებულებას“, რომელიც მას „გეოგრაფიული ღერძი“-ს მიმართ, როგორც ამ სივრცის ამჟამინდელ მფლობელს, გააჩნია?)
2.  ექსპანსია.
ზემოთქმულიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრაზიული სივრცის ერთი (და სერიოზული) აქტანტი, რუსეთი, იდეოლოგიურად (თუ კი, რა თქმა უნდა, დუგინს ოფიციალურ, ან კრემლთან ახლო მდგომ იდეოლოგად მივიჩნევთ) უკეთეს შემთვევაში, სინჯავს ნიადაგს ან ექსპანსიისათვის (ომისათვის) ემზადება.
2008 წლის შემდგომ იმის ხაზგასმა, რომ რუსეთისათვის ომი მისაღები რეალობაა, შესაძლოა ვინმეს ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არაა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები რუსეთისათვის ომი არ ყოფილა და, შედგების მიუხედავად, ომად ოპერაციის მიჩნევა არც თეორიული კუთხითაა სწორი და არც ანალიზის თვალსაზრისით გამართლებული: ამდაგვარ მიდგომას შეცდომაში შევყავართ. სხვათა შორის, ეფექტურად ორგანიზებული წინააღმდეგობის აზრიც იმაში მდგომარეობდა, რომ ოპერაციის მსვლელობა გაჭიანურებულიყო და ომის ზღვარზე დაეყენებინა მოწინააღმდეგე. ზღვარი, რომელიც მას, შესაძლოა მაშინ არც გადაელახა. თუმცა, ამას ახლა ვეღარასოდეს გავიგებთ. ამგვარად, ცალსახად, დღესაც გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ იდეოლოგიურად ომის პრობლემა რუსეთისათვის მოხსნილია. ამის მანიშნებელი თუნდაც სასწრაფოდ დაწყებული არმიის რეფორმა გახლდათ. შემთხვევითი არ იყო არც მედვედევის განცხადება, რომ „საქართველოსათვის მშვიდობის იძულების მსგავსი ოპერაცია რუსეთს უახლოეს ათწლეულში არ ექნება” (თუ არ ჩავთვლით 2015 წელს რუსეთის ჩართვას სირიის მოვლენებში, ეს ასეცაა).
მეორეს მხრივ, ერთია იდეოლოგიური მზაობა, მეორეა – ფსიქოლოგიური და მესამე ის, რასაც ჩვენ ომის მატერიალურ განზომილებას ვუწოდებთ.
დავიწყოთ ფსიქოლოგიით. კლაუზევიცს, სხვათა შორის, ე.წ. „ომის სამებიდან“ ერთ-ერთი, კერძოდ მტრული (თუ მტრობის) განცდა იმ ძირითად ელემენტად მიაჩნდა, რომლის გარეშე წარმატებული ომი ვერ იწარმოებს: „ვნებები, რომელიც ომის დროს მჟღავნდება, ხალხში ომის დაწყებამდე უნდა არსებობდეს“  თუ კი რუსეთს ექსპანსიისთვის, ანდა დღევანდელი სტატუს ქვო-ს შესანარჩუნებლად კიდევ ერთი „მშვიდობის იძულება“ დაჭირდა, თუნდაც ათი წლის შემდეგ, წინასწარ „იძულების“ობიექტი უკვე შერჩეული უნდა ჰყავდეს და სახელმწიფო პროპაგანდა ომის პერიოდში „გასამჟღავნებელ“ ვნებებს აღნიშნული მიმართულებით უკვე უნდა აღვივებდეს.
ახლა, თუ კი სიმართლეა ის, რომ ექსპანსია ყველა დასახლებული რეგიონის მიმართულებითაა შესაძლებელი, ვინაიდან მეორე ნახაზზე მონიშნული შიდა ნახევარწრე, ე.წ. ღიმლანდ, რომელზეც დომინანტობა ხანგრძლივ პერსპექტივაში სტრატეგიულ ამოცანას შეადგენს, მხოლოდ ჩრდილოეთს ტოვებს მოწინააღმდეგის გარეშე, მაშინ მტრობის განცდაც ყველა მიმართულებით უნდა ღვივდებოდეს. ასეთივე ვითარებაა იმ ეტაპისთვისაც, რომელიც სტატუს ქუო-ს შენარჩუნებას ეხება. აქაც მტრობის განცდა ყველა მხარეს უნდა იყოს მიმართული, ჩრდილოეთ პოლუსის გარდა. საინტერესოა, რომ ევროპის მიმართ მტრობის განცდას რუსეთში ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. გავიხსენოთ დანილევსკი, რუსული გეოპოლიტიკის ფუძემდებელი, სლავიანოფილი და რუსული ევრაზიანიზმის სულისჩამდგმელი. 1869 წელს გამოცემულ წიგნში რუსეთი და ევროპა დანილევსკი წერს: „ევროპა ჩვენს მიმართ არა შემთხვევით, არამედ არსებითად არის მტრულად განწყობილი და შესაბამისად, მხოლოდ მაშინ იქნება ჩვენთვის უსაფრთხო, როდესაც საკუთარ თავს მტრობს“ ერთმანეთს ემტერებიან.

თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ევროპა ზუსტად ის სივრცეა, სადაც რუსეთი არ იომებს. ჯერ ერთი, მისი ექსპანსიური ამბიცია აქ ე.წ. „მართლმადიდებლურ სარტყელს“ არ სცილდება. და მეორე, ევროპაში მას სერიოზული გეოპოლიტიკური მოკავშირეები ეგულება: გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც ანგლოსაქსურ ატლანტიზმს ისევე ეჭვით უყურებენ, როგორც თავად რუსეთი. მაშასადამე, რჩება სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებები. ამ მიმართულებებიდან მეორეზე აქცენტირება კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან ჩინეთის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ნებისმიერი სამხედრო აქტივობა გაუმართლებელი ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი, როგორც საფრთხე, რუსეთისათვის ღიადაა ნახსენები სამხედრო ექსპერტების მიერ, ძნელია წარმოიდგინო ვითარება, რომელიც რუსეთს აქ სამხედრო მოქმედებებისკენ უბიძგებდა. მივედით ისევ იქამდე, რომ „დაბალი ღობე“ სამხრეთი, ანუ კავკასია რჩება. და აქ კარგი კითხვა ჩნდება: რა შეიძლება ქმნიდეს მტრული პროპაგანდის საფუძველს კავკასიის მიმართ?
ვცადოთ ვუპასუხოთ: მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ოფიციალურ დოკუმენტებში ჩინეთი, როგორც საგარეო საფრთხე მხოლოდ მინიშნებულია და სინამდვილეში არ ფიგურირებს, რუსი სამხედრო ექსპერტების უმეტესობა ჯერ კიდევ 2007 წელს  მას ნომერ პირველ საფრთხედ მიიჩნევდა. მაგალითად, იმავე დიმიტრი ტრენინის ვარაუდით, უახლოეს მომავალში ჩინეთი და აშშ იქნებიან ძირითადი სტრატეგიული მოწინააღმდეგეები, და რუსეთისათვის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ის ვითარება, რომ არ მოექცეს ამ ორ სუპერძალას შორის, არამედ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსი. რის ხარჯზე შეუძლია რუსეთს აღნიშნულის მიღწევა?  წინა პლანზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამხედრო რეფორმა იწევს, რომლის პირველი ეტაპის დასრულება პრეზიდენტმა მედვედევმა ჯერ კიდევ 2009 წელს დააანონსა. მაშინ რეფორმის დაჩქარება, სხვადასხვა ექსპერტთა მიერ, 2008 წელს კავკასიაში ჩატარებული ოპერაციის დროს გამოვლენილი შეცდომებით იქნა ახსნილი. შესაძლოა ეს, ნაწილობრივ, მართალიც იყოს, თუმცა, ტრენინი 2007 წელს (ანუ ომამდე ბევრად ადრე) წერდა: „რუსეთი იმედოვნებს, რომ 2020-30 წლისთვის ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის  მისი აღმოსავლეთ პროვინციები  სრულებით განახლებული და მნიშვნელოვნად განვითარებული იქნება, ხოლო შეიარაღებული ძალები – მოდერნიზირებული და  სრულებით აღჭურვილი“. სხვა სიტყვებით, აზრი, რომ რუსეთის სამხედრო ძალები მოსალოდნელი საფრთხის ადეკვატური არ იყო, რუსეთის სტრატეგიული აზროვნებისათვის ახალი არ არის და მასზე მსჯელობა არც კავკასიური ვოიაჟით არ ყოფილა ნაკარნახევი.
რეფორმა პირველ რიგში რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ დაყოფაზე აისახა, სადაც ექვს მანამდე არსებულ სამხედრო ოლქს ოთხი ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა ჩაენაცვლა, რომელთა ხელში თავი მოიყარა არა მარტო სახმელეთო ძალებმა, არამედ ოთხივე ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის განკარგულებაში მყოფმა ძალებმაც.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ადმინისტრაციული დაყოფა

ამასთანავე, მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში დარჩა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები, ატომური წყალქვეშა ნავები ბალისტიკური რაკეტებით, კოსმოსური ძალები, შორეული ავიაცია და საჰაერო სადესანტო ძალები. ექსპერტების მიერ, სხვათა შორის, მიჩნეულია, რომ იმ მწირი შესაძლებლობებით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა, ეს მართვის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ეფექტური რეორგანიზაციაა. თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსთა დაკვირვებით, ოთხივე ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის განკარგულებაში არსებული ძალებით, მეტ-ნაკლებად წარმატებული თავდაცვითი ღონისძიებების გატარება შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ და ცენტრალურ სარდლობებში. რაც შეეხება დასავლეთსა და აღმოსავლეთს, მათი ძალების შედარება პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან რეალურად არც შეიძლება. თუმცა, ის გარემოება, რომ NATO არცერთ ვითარებაში თავს არ დაესხმის რუსეთს,  სიტუაციის სერიოზულობას სრულებითაც არ ამცირებს: ჩინეთი დღეს რუსეთზეც და ნატოზეც ძლიერია, და რაც მთავარია, მას გააჩნია  ომისათვის მზაობა და მოტივაცია. მაგალითისთვის: ჩინეთს მიაჩნია, რომ XIX საუკუნეში რუსეთთან დადებული ხელშეკრულებები კაბალური და უსამართლო გახლდათ. და საერთოდაც, 1689 წლის ნერჩინსკის ხელშეკრულება უნდა იყოს ის ბაზა, რომელიც რუსეთთან ტერიტორიულ საკითხს დაარეგულირებს.
თუმცა, შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთი ერთადერთი არაა, ვისაც, შესაძლოა, რუსეთთან ტერიტორიული პრეტენზია ქონდეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ფლოტების მდგომარეობა. ჯერ კიდევ 2009 წელს, ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილი სარდალი, ადმირალ პოპოვი მიიჩნევდა, რომ რუსეთი, ფლოტისადმი უყურადღებობით, კარგავდა საოკეანო ფლოტის სტატუსს და ნელ-ნელა ტრანსფორმირდებოდა შეზღუდული შესაძლებლობების სანაპირო ფლოტად, ყველა აქედან გამომდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგებით. ექსპერტთა დასკვნით, 2010 წლის მონაცემებით, რეგიონულ მიმართულებებზე, რუსეთი უთმობდა შვედეთსა და ფინეთს – ორჯერ, გერმანიას – სამ-ოთხჯერ, თურქეთს – ორჯერ, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს – ხუთ-ექვსჯერ, აშშ-ს – ოც-ოცდაათჯერ, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში სამჯერ ნაკლები წყალზედა გემი ჰქონდა, ვიდრე იაპონიას. სხვათა შორის, სამხედრო პოტენციალის ასეთმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ რუსეთმა დასაშვებად მიიჩნია პრევენციული ბირთვული დარტყმა . შეგონება, რომელიც აქედან გამოდის, არც თუ მაინცა და მაინც სასიამოვნოა: „დაუძლურებული“ რუსეთი უფრო საშიშია, თუ კი საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების საფრთხე გარედან აღიქვა.
საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტთა თვალსაზრისით რუსეთისათვის ძირითად სამხედრო საფრთხეებად მიჩნეული იყო :

#1 საფრთხე – ჩინეთი.
#2 საფრთხე – ისლამური ექსტრემიზმი.
#3 საფრთხე – კავკასია.

აქედან ნათლად შეგვიძლია დავინახოთ იმ პრობლემების ანატომია, რომელიც 2008 წლისათვის დადგა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინაშე:
ჩინეთი, როგორც საფრთხე ნომერი 1, მხოლოდ მომავალში იქნება აქტუალიზებული და ამ პერიოდისთვის რუსეთს უნდა გააჩნდეს რესურსი მისი შეკავებისთვის. სიტყვა „რესურსი“ არა მხოლოდ აღმოსავლეთში განთავსებული ძალების ადეკვატურობას გულისხმობს, არამედ ზოგადად, საჭიროების შემთხვევაში, აღმოსავლეთში ასეთი ძალების სწრაფად თავმოყრის საშუალებასაც. ამ პრობლემის გადაჭრა კი ყველა სხვა მიმართულებაზე საფრთხეთა მინიმიზაციისა (თუ სრულ განეიტრალების არა) და მყარი მშვიდობის გარანტიის პირობებშია შესაძლებელი.
საფრთხე ნომერი 2, ისლამური ექსტრემიზმი , დიდი ალბათობით, ავღანეთში NATO-ს ოპერაციის დასრულების შემდგომ აქტუალიზდება და ეს შესაძლოა უკვე შემდეგი დეკადის მიწურულსაც მოხდეს. როგორც ექსპერტი ალექსანდრე ხრამჩიხინი აღნიშნავდა,  „თუ ავღანელი თალიბები უზბეკეთში გადავლენ, ჩვენ ომი ყაზახეთის სტეპებში მოგვიწევს. ამ ვითარების გამო, რუსეთისათვის, სტრატეგიული თვალსაზრისით, დიდ მნიშვნელობას იძენს შუა აზიის რეგიონი, მისი რესურსი და გარანტირებული უსაფრთხოება. პირველი ამოცანის რეალიზაციის პირობების შექმნის ფონზე (ჩინეთის შემაკავებელი შესაძლებლობების შექმნა), დღეს შუა აზია სულაც არ წარმოადგენს რუსეთისათვის გარანტირებულად დაცულ ფლანგს, ამიტომაც ასეთი ფლანგის უზრუნველყოფა რუსეთისათვის, წესით, პირველი რიგის, დღევანდელი საზრუნავია.
რაც შეეხება კავკასიას, საფრთხე ნომერი 3, მართალია, რეალურად, 2008 წლის შემდეგ ნეიტრალიზებულია, მაგრამ, ჩრდილო კავკასიაში „ჩუმი დუღილის“ გამო, ეს ნეიტრალიზაცია მყარი არ არის. კავკასია კი რუსეთისათვის ისეთივე ფლანგია შუა აზიასთან მიმართებაში, როგორც ეს უკანასკნელი ჩინეთისთვის. აქედან, ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ 2008 წლამდე, საფრთხე ნომერი 3, სტრატეგიული პრიორიტეტების დალაგებისას, პირველი რიგის გადასაჭრელ ამოცანად გარდაიქმნებოდა. თავის მხრივ, ეს მიანიშნებს იმას, რომ 2008-ში თუ არა, 2010 წლამდე მაინც, რუსეთი ამა თუ იმ საბაბით, კავკასიაში (სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში) ინტერვენციას ყველა შემთხვევაში განახორციელებდა. აი, აქ იმალება პასუხი კითხვაზე, რომელიც ზემოთ დავსვით, თუ რა შეიძლება ქმნიდეს კავკასიის მიმართ მტრული პროპაგანდის საფუძველს?
გაზეთ „იზვესტიის“ 2011 წლის 3 ოქტომბრის ნომერში ქვეყნდება ვლადიმერ პუტინის სტატია სათაურით „ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება“. ამ სტატიაში, რომელიც 2012 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიური სივრცის პროექტის რეალიზაციას ეხება, რამოდენიმე საყურადღებო მომენტია : სტატიიდან იკვეთება, რომ აღნიშნული პროექტი ოცი წლის წინ დსთ-ს შექმნით დაწყებულა, რომ ამ გზის რეალიზაციის თანამიმდევრული ნაბიჯები გახლდათ რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიური თანამეგობრობა და ერთიანი ეკონომიური სივრცე . თუ ეს ამგვარადაა, მაშინ გამოდის, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკა სულაც არ ყოფილა არათანმიმდევრული (რასაც მას ხშირად საყვედურობენ), არამედ ის ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა საკუთარი სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციის პოლიტიკას, როგორც ეს ზემოთ იყო მოცემული. კონკრეტულად რას აძლევს, ამ გადასახედიდან რუსეთს ინტეგრაციის ეს მოდელი? პუტინი წერდა: „ამჟამად საბაჟო კავშირიდან ჩვენ ნაბიჯს ვდგამთ ერთიანი ეკონომიკური სივრცისკენ. ვქმნით კოლოსალურ ბაზარს ერთიანი კანონმდებლობით, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებით, მომსახურებითა და სამუშაო ძალით,  რომელსაც 165 მილიონზე მეტი მომხმარებელი ეყოლება….ჩვენ გთავაზოთ ძლიერი ზენაციონალური გაერთიანების მოდელს, რომელსაც შეუძლია გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი პოლუსი და ამავდროულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორც  ევროპასა და დინამიურ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეფექტურმა „კვანძმა
პროექტის სრული რეალიზაციის პირობებში ხდება ასევე იმ სამხედრო საფრთხეთა მინიმიზაციაც ( თუ სრული განეიტრალება  არა, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი) და ეს სავსებით ბუნებრივია. იმდენად ბუნებრივი, რომ შეიძლება საკითხს სხვანაირადაც, სხვა თვალით შევხედოთ: ამ საფრთხეთა ანალიზის შედგი ხომ არ არის რუსეთის ახალი ინტეგრაციული პროექტი, რომელიც, ამ შემთხვევაში, სულაც არ არის ახალი? მართლაც, ის გარემოება, რომ რუსეთი შეეცდებოდა ევრაზიულ სივრცეზე საკუთარი გავლენის აღდგენას (რაიმე სახით მაინც), ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის იმთავითვე ცხადზე ცხადი იყო. ერთადერთი, რაც ცხადი არ იყო, ამ პროცესის მოტივაცია.ე.წ. „იმპერიული ამბიცია“ , რომელიც ერთადერთ ახსნად იქნა მიჩნეული, როგორც ჩანს, ბოლომდე სწორი არ იყო, ვინაიდან ის ყველა ნაბიჯს ვერ ხსნის. მაგალითად, გაუგებარია, რატომ „შეელია“ რუსეთი ასე „ადვილად“ ბალტიისპირეთს და ამგვარი გამეტებით იბრძოლა საქართველოსთან და ახლა იბრძვის უკრაინაში.  თუმცა, თუ მოვლენებს რუსეთის ე.წ. „სტრატეგიული დაუცველობის“ კუთხით გავაანალიზებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება: სსრკ დაშლის შემდეგ, რუსეთისათვის ცხადი ხდება, რომ ევრაზიაში ახალი რეალური ძალა არა თვითონ, არამედ ჩინეთია. თუმცა ამგვარი პრეტენზიისათვის ამ უკანასკნელისთვის დროა საჭირო. ამიტომ ჩინეთიდან სავარაუდო საფრთხე, მართალია, რეალიზებადია, მაგრამ არა „ამ წუთში“. გაცილებით რეალური, ამ მხრივ, შუა აზიიდან გამომდინარე გამოწვევებია და აქ პრობლემებს დაახლოებით 7 000 კმ-დე მოუწყობელი საზღვარი უფრო ამძიმებს. ამ ფონზე კავკასიაში დაწყებული „აშლილობა“ (როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში) რუსეთს, სულ ცოტა, დეზინტეგრაციას უქადის. ერთგვარ ფსიქოლოგიურ ფარს მისთვის აქ განლაგებული სამხედრო ბაზები ქმნიან, თუმცა, საქართველოდან მათი გაყვანის შემდეგ, უსაფრთხოების ეს ფსიქოლოგიური ბარიერიც იხსნება. ამიტომ წინა პლანზე არა მარტო ამ ბარიერის (ფსიქოლოგიური) აღდგენის აუცილებლობა წარმოადგენს, არამედ მისთვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემის მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად ეფექტური შესაძლებელი ნეიტრალიზაცია, რაც პირველ რიგში, საქართველოს, მტრული გარემოდან „ამოგდებას“ ბუნებრივად გულისხმობს. ვინაიდან „ამოგდების“ მექანიზმები მრავალგვარია (კავშირი, პარტნიორობა, გავლენა, დიპლომატიური ზეწოლა, მუქარა, იძულება, ომი), ამიტომ, როგორცა ჩანს, საერთო ინტერესთა დაუნახაობის შემთხვევაში, რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში სამხედრო ჩარევა (ნებისმიერი საბაბით და ნებისმიერი სახით) ერთადერთ ალტერნატივად დარჩა: სამხრეთ მიმართულებაზე, ფლანგს, რომელიც მის დეზინტეგრაციას ხელშესახებს ხდიდა, რუსეთი აღმოსავლეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა. მოვლენათა ასეთი ჯაჭვის დანახვა არ იყო რთული და სტრატეგიული დაზვერვის ანალიტიკოსებსაც ეს არ უნდა გაჭირვებოდათ. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება 2008-ში ამდაგვარი განვითარებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მეტიც, ის ამ განვითარებას, როგორცა ჩანს, არც ვარაუდობდა. სხვათა შორის, ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე „ჩუმი“ ომიც  მხოლოდ ამ ჯაჭვის მორიგი რგოლებია.
2008 წელს რუსეთმა „კავკასიური ფლანგის“ პრობლემა ერთგვარად მოხსნა. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2008 წლამდე ვითარება, რომელსაც რუსეთი ხედავდა, ამდაგვარი იყო

    ხოლო 2008 წლის შემდეგ : 

მას მერე, რაც რუსეთმა ამ ეტაპზე განსაზღვრა თავისი სტრატეგიული ამოცანების განხორციელების შესაძლებლობა, მოვლენათა ლოგიკა მისგან იმავე მიმართულების შემდგომ ნაბიჯებს მოითხოვს. ეს გახლავთ „ახალ“ სივრცესთან რეალური ინტეგრაცია და მისი საშუალებით იმ პრობლემათა „განულება“, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ ის დემოგრაფიული რესურსი, რომელიც ამ სივრცეს რეალურად უჩნდება, რომ შესაძლებელი გახდეს, გარკვეულწილად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე, მეტ-ნაკლებად, ბალანსის შექმნა. ამ ამოცანის თანამიმდევრულად განხორციელებას, არმიის საბოლოო რეფორმირებას, ეკონომიური პოტენციალის რეალიზაციას და სხვა მიმართულებებზე ყურადღების გადანაწილებას არც თუ მცირე დრო სჭირდება. ამ დროის ეფექტურად გამოყენების რაციონალური მოდელი გამორიცხავს ამ მიმართულებებზე რუსეთის მხრიდან რაიმე სახით ომის, ანდა ომს მიახლოებული სცენარების ინიცირებას: ეს მისი გეგმების რეალიზაციის მძლავრი მუხრუჭი იქნებოდა. მეტიც, ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის „სამხრეთის“ შექმნითა და 2008 წელს ჩატარებული სამხედრო ოპერაციით, გაიჩინა რა სამხედრო ბაზები საქართველოში (აფხაზეთისა და სამაჩაბლო-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე),  კავკასიის ფლანგზე მან მიმდინარე სტრატეგიული პრობლემა რეალურად მოხსნა. საქმე იმაშია, რომ თუ რუსეთს საქართველო რეალურად მიაჩნდა, ან მიაჩნია სამხრეთ ფლანგზე (კავკასიაში) დესტაბილიზაციის წყაროდ (საფრთხე #3, რაც რუსეთის დეზინტეგრაციას ხელშესახებს ხდის), ამ ორი მოქმედებით, ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის დაჯგუფებისა და საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნით, ეს ფაქტორი ნეიტრალიზებულია.  სამხედრო ანალიტიკოსები შემთხვევით არ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ოპერატიულ-სტრატეგიულ სარდლობა „სამხრეთს“ უპირატესობა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან გააჩნია და არა, მაგალითად, თურქეთთან. მეტიც, თურქეთის ჩაურევლობის შემთხვევაში, კავკასიაში მესამე ომს არც დუგინის სცენარით წარმოების პერსპექტივა გააჩნია.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. კავკასიის „ფრონტი“ რუსულ გეოპოლიტიკაში, ამ დროით, იჭერს იმ ადგილს, რომელიც მას XIX საუკუნეში, ყირიმის ომის წინ, ანდა მისი მსვლელობისას გააჩნდა. ის მეორადია, და ძირითადი ძალისხმევის ობიექტს არ წარმოადგენს. თუმცა, არც იმის თქმა იქნებოდა სწორი, რომ აღნიშნული ვითარება შესაძლოა მთელი პერიოდის განმავლობაში უცვლელი დარჩეს. მეტად დინამიურ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მოვლენათა დინამიკამ რუსული სტრატეგიული პრიორიტეტები ერთბაშად შეცვალოს. XIX-XX საუკუნეების რუსეთ-კავკასიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიამ ამის მაგალითები უკვე იცის.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

ავტორი – დავით თევზაძე