რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა უკვე დაწესებული სპეციალური რეჟიმით გაგრძელდება. რიკოთზე დილის 7 საათიდან 21 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის და 30 ადგილამდე სამგზავრო ტრანსპორტისთვის იქნება დასაშვები მოძრაობა, ხოლო საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან. რიკოთზე პრობლემები ძლიერი წვიმის გამო შეიქმნა. რამდენიმე ადგილზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანები უკან გააბრუნეს. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.