შეზღუდვები ავტომაგისტრალებზე

უხვი ნალექის გამო, გადაადგილება აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე. ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, რადგან კვლავ მაღალია ქვათაცვენის საშიშროება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. კლდოვანი მასა, რომლიც გუშინ ჩამოიშალა, სრულად გაწმენდილია, თუმცა უხვი ნალექის გამო, შეზღუდვა მაინც მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა შეზღუდულია ლარსის მონაკვეთზეც, სადაც გადაადგილება დიდი ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეკრძალება. შეზღუდვა მოქმედებს კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთებზეც, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კი ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ქვის ცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება.