რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

„პატრიოტთა ალიანსის” წევრის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის გარშემო პარლამენტში და პარლამენტს მიღმა პოზიციები ორად იყოფა.

რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი ცვლილებების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საუბარია დოკუმენტზე, რომლის მიხედვით, ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი უნდა გახდეს.

კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებენ „ქართველ მუსლიმთა კავშირი” და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ განისაზღვრება კანონში რელიგიური გრძნობა.

ცვლილებების მოწინააღმდეგეები ინიციატივის გარშემო დაანონსებულ კონსულტაციებსაც ემიჯნებიან.

ოქროს შუალედის პოვნა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის – ასეთი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს, რომელიც საკანონმდებლო რეგულაციის მომხრეა.