ბულინგი - სასჯელი გამოხატვის თავისუფლების სახელით

კიბერბულინგი – თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევა, მისგან მიყენებული ზიანი შესაძლოა იყოს ინდივიდუალური, საზოგადო ან გაცილებით მასშტაბურიც, რომელზე პასუხისმგებლობის აღებაც არავის სურს. გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ადამიანები ერთმანეთს არ პატიობენ განსხვავებულ აზრსაც კი, დევნიან ერთმანეთს და სიტყვიერადაც უსწორდებიან. გასამართლებლად, უმეტესად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იშველიებენ.

რას გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? სიტყვის თავისუფლება არის პრინციპი, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდის ან საზოგადოების თავისუფლებას, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და იდეები შურისძიების, ცენზურისა და სამართლებრივი სანქციების შიშის გარეშე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე -19 მუხლით. აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც აბსოლუტური უფლება. სიტყვის თავისუფლების საერთო შემზღუდველი საზღვრები არსებობს და გულისხმობს ამ უფლების შეზღუდვას, როცა საქმე ეხება: ცილისწამებას, ღირსების შელახვას, დაცინვას, უხამსობას, შეურაცხყოფას, წაქეზებას, ჩხუბის გამომწვევ სიტყვებს, საიდუმლო ინფორმაციას, საავტორო უფლებების დარღვევას, საიდუმლო ხელშეკრულებას, კონფიდენციალურობის უფლებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სხვა. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. სინამდვილეში, რასაც ამ დღეებში ვუყურებთ, ჩაგვრაა, რამაც ყველაზე ვრცელი ასპარეზი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სოციალურ ქსელებში იპოვა.

სოციალურ ქსელში მჩაგვრელისთვის მიზეზის პოვნა რთული არ არის, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული პოლიტიკური, რელიგიური შეხედულებები, განსხვავებული აზრი და შეიძლება უნებლიეთ, გაუცნობიერებლად დაშვებული შეცდომაც კი. გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ადამიანის ფსიქიკა ინდივიდუალურია, შესაბამისად განსხვავებულია ჩაგვრის შედეგიც, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის ბულინგს მოჰყვება. ჩვენ ამ თემაზე სხვადასხვა დროს არაერთი რეპორტაჟი გვაქვს მომზადებული და ახლა გთავაზობთ მცირე ფრაგმენტებს კიბერბულინგის მიზეზებსა და შედეგებზე.